პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების შემცირებას არ ეთანხმება და როგორც აცხადებს, მხარს ისეთ ბიუჯეტს არ დაუჭირეს, სადაც პარამეტრები შემცირებული იქნება.
შესაბამისი პოზიცია ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და ასევე, მისმა პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ დააფიქსირეს.
პარლამენტში წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 4 852.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, შემცირებულია 663.0 მლნ ლარით. ამასთან, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება განსაზღვრულია 1 104.0 მლნ ლარით, რაც წინა წელთან შედარებით, COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების გათვალისწინებით შემცირებულია 23.3 მლნ ლარით.
როგორც საკომიტეტო განხილვისას დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, უშუალოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე შემოთავაზებულია 560-მილიონი ლარი და არის კლება 42 მილიონი ლარით.
„ვითხოვთ დეტალურ განხილვას. გვიჩნდება კითხვა, თუ რატომ მინუს 42 მილიონი, რა არის ასეთი კლების საფუძველი? ამ მაჩვენებლითა და შემოთავაზებით კომიტეტს ბიუჯეტის მხარდაჭერა გაუჭირდება“, - განაცხადა ხუნდაძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.