თურქეთის სავალუტო რეზერვები ბოლო 15 წლის მინიმუმზეა

თურქეთის სავალუტო რეზერვების მთლიანი მოცულობა 2 ოქტომბრისთვის 41,41 მილიარდ დოლარამდე შემცირდა,1 კვირით ადრე კი, 42,42 მილიარდს შეადგენდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.

ეს არის მინიმალური მოცულობა 2005 წლის შემდეგ, წერს Trading Economics. რეზერვების შემცირება გამოწვეულია ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფო ბანკების მხრიდან, ქვეყნის ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის გადადგმული ნაბიჯებით.

თურქეთის წინდა საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გასულ კვირას 2004 წლის აპრილის მინიმუმამდე, კერძოდ, 16,8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ხუთშაბათის ვაჭრობის შედეგად, ქვეყნის ეროვნული ვალუტის ღირებულება ისტორულ მინიმუმზე დაფიქსირდა და 1 დოლარის ფასმა 7,942 ლირა შეადგინა. ლირამ ვარდნა განიცადა ევროსთან მიმართებითაც და 1 ევროს ღირებულებამ 9,35 ლირა შედაგინა.

მიმდინარე წლის განმავლობაში ლირამ მისი ღირებულების მეოთხედი დაკარგა. ეს არის განვითარებად ქვეყნებს შორის (emerging markets) ყველაზე ცუდი მაჩვენებელი, ბრაზილიური რეალის შემდეგ.

კოკა კვირკველია