9 ოქტომბერს, შვეიცარიის მთავრობის მიერ განახლდა მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სია, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, გლობალური ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, საქართველოც შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 12 ოქტომბრიდან შევლენ შვეიცარიის ტერიტორიაზე საქართველოდან სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტით, სატრანზიტო ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სტატუსის მიუხედავად, ვალდებულნი არიან გაიარონ 10 დღიანი კარანტინი/თვითიზოლაცია. აღნიშნული წესი ვრცელდება საქართველოდან შესულ ნებისმიერ პირზე, ხოლო წესის გვერდის ავლის შემთხვევაში გათვალისწინებულია მაღალი ჯარიმა-10 000 შვეიცარიული ფრანკი.
„შვეიცარიაში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს თვითიზოლაცია ბინიდან, სასტუმროდან და ა.შ გაუსვლელად! დაუყოვნებლივ, მაქსიმუმ 2 დღის ვადაში უნდა დაუკავშირდეს კანტონალურ უწყებებს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაემორჩილოს მიღებულ ინსტრუქცია/რეკომენდაციებს. იხილეთ კანტონალური უწყებების მისამართები: https://www.bag.admin.ch/…/em…/quarantaene-einreisende.html…
ასევე, მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია გამგზავრებამდე კომუნიკაციაში იყვნენ შესაბამის ავიკომპანიებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ მგზავრობასთან დაკავშირებული წესები, როგორიცაა Covid-19 ტესტის წარდგენის აუცილებლობა და სხვა“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.