„მუშახელი ნამდვილად არის გამოწვევა. სწორედ ამიტომ ახალი პროგრამა შევიმუშავეთ,“- ამის შესახებ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„ეს არის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის სპეციალური საგრანტო პროგრამა, რომელიც საბოლოო სახეს ძალიან მალე მიიღებს და უკვე მეტ დეტალზე შეგვეძლება ვისაუბროთ. ჩვენ შევხედეთ მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევას თუ რა აინტერესებს ინვესტორს ყველაზე მეტად. ტოპ -11 ფაქტორიდან პირველ ხუთეულში გვხვდება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი - მსუბუქი ინფრასტრუქტურა და სამუშაო ძალის კვალიფიკაცია. აი, ამ შედარებით საშუალოდ სუსტი მხარისთვის სამუშაო ძალის დასაკომპენსირებლად შევიმუშავეთ პროგრამა, როდესაც ინვესტორს ვაძლევთ საშუალებას კონკრეტული ადამიანის დასაქმებისა და თანხის ინვესტირების შემდეგ ქეშბექის პრინციპით განხორციელებულ ინვესტიციაზე მივცეთ კონკრეტული განსაზღვრული გრანტი, რომელსაც ის გამოიყენებს მუშახელის გადამზადებისა და მსუბუქი ინსფრასტრუქტურისთვის“,- განაცხადა ხიდურელმა.