„რიკო კრედიტის“ დირექტორის ლაშა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, „რიკო კრედიტის“ ვარკეთილის ფილიალზე გამთენიისას თავდასხმა მოხდა.
როგორც ნიკოლაიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ხელყუმბარით და იარაღით შეიარაღებულმა მძარცველმა სალაროში შეღწევა მოახერხა, თუმცა, მოგვიანებით „რიკო კრედიტის“ ორმა თანამშრომელმა ის განაიარაღა.
„დილის 6:00 საათზე შემოიჭრა ჩვენივე კომპანიის მომხმარებელი ხელყუმბარით და იარაღით. იარაღი დაადო კოორდინატორს, რომელიც შიგნით, ფოიეში იმყოფებოდა და მას არ ეკეთა სამწუხაროდ, საგანგაშო ღილაკი, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა. შემდეგ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, მოლარემ, რომელიც შიგნით დაცულ და ბრონირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, გაუღო კოორდინატორს და ხელყუმბარიან, შეიარაღებულ მძარცველს პირველი და მეორე ბრონირებული კარები, რის შედეგადაც ეს ორნი მოხვდნენ დაცულ ტერიტორიაზე.
აბსოლუტურად დარღვეული იყო ყველანაირი უსაფრთხოების ზომები, მთავარი აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ მოლარის მიერ, სანამ პირველ და მეორე კარებს გააღებდა, არ მოხდა დაცვის პოლიციის გამოძახება, ამასთან, კოორდინატორი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შედიოდეს სალაროში.
მას შემდეგ რაც მძარცველი შემოიჭრა დაცულ ტერიტორიაზე, მიითვისა თანხა, ამ დროს უკვე დაიწყო მოლარესთან და კოორდინატორთან ფიზიკური კონფლიქტი, მოლარემ გამოსტაცა ხელყუმბარა, რომელიც ნახევრად გახსნილ მდგომარეობაში იყო უკვე, მაგრამ ღმერთის წყალობით აფეთქება არ მომხდარა, ამის შემდეგ მათ განაიარაღეს მძარცველი.
ჯერ შიგნით შემოუშვეს, მერე განაიარაღეს და ამის შემდეგ გამოიძახეს დაცვის პოლიცია, რომელიც 3 წუთში მოვიდა და დააკავეს მძარცველი“, - განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.