ამერიკას დიდ ბრიტანეთთან ფრენების სწრაფად აღდგენა სურს

აშშ-ის ხელისუფლება დიდ ბრიტანეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე. ამისთვის მთავარი პირობა კი უნდა გახდეს ყველა მგზავრის გაფრენამდე და მის შემდეგ კორონავირუსის ტესტის ჩაბარება. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.

გაზეთის ცნობით, აღნიშნული ინიციატივით გამოვიდა ამერიკის ტრანსპორტისა და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც მოუწოდებენ ხელისუფლებას შეეცადონ სხვა ქვეყნებთან სატრანსპორტო კორიდორების გახსნას. ამ ეტაპზე კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთთან. საუბარია ნიუ-იორკი ლონდონის მარშრუტის გახსნაზე. ამერიკული მხარის ინიციტივით, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ამ დროისთვის არსებული 14 -დღიანი სავალდებულო კარანტინი, შემოღებულ იქნას გაფრენამდე და ფრენის შემდგომ სავალდებულო ტესტირება კორონავირუსზე.

გამოცემის ცნობით, თეთრ სახლთან არსებულმა უსაფრთხოების საბჭომ ფრენების განახლების გეგმა მოიწონა, თუმცა ახლა მთავარი დაბრკოლება ამ ორ ქვეყანაში ბოლო დროს გაზრდილი დაინფიცირების მაჩვენებლებია. მაგალითად, 9 ოქტომბერს შტატებში კორონავირუსის 57 420 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 8 ოქტომბერს 56 191, ხოლო 7 ოქტომბერს 50 341. აქამდე ქვეყანაში ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 50 ათასს.

კოკა კვირკველია