მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას პირველად ქალი უხელმძღვანელებს

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახალი გენერალური დირექტორის ფინალური შერჩევის კონკურსში ორი ქალი კანდიდატი გავიდა. მსოფლიო ბანკის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა და სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრი იუ მენ ხი.

ეს კი ნიშნავს, რომ ორგანიზაციას პირველად ეყოლება ქალი ხელმძღვანელი. ორი ფინალისტიდან ერთი კი საბოლოოდ გახდება ამ ორგანიზაციის რიგით მეშვიდე ხელმძღვანელი.

დირექტორის შერჩევის მესამე ეტაპი 19 ოქტომბერს დაიწყება და 27 ოქტომბრამდე გასტანს. ახალი ხელმძღვანელის დამტკიცება ორგანიზაციის გენერალურ საბჭოს მოუწევს და ეს სავრაუდოდ, ნოემბრის პირველ ნახევარში მოხდება.

ოკონჯო-ივეალა ამ პოსტზე ნიგერიამ წარადგინა. ის მანამდე ამ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში მუშაობდა. მსოფლიო ბანკში 25-წლიანი მუშაობის პერიოდში კი მას არაერთი საკვანძო თანამდებობა ეკავა. ის ასევე ორჯერ იყო მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობის პრეტენდენტი. ოკონჯო-ივეალა ახლა 66 წლისაა და განვითარებადი ბაზრების აღიარებული ექსპერტია. ამ მომენტისთვის ის არის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) ხელმძღვანელი.

იუ მენ ხი კი 53 წლისაა და ის პირველი ქალი მინისტრია, რომელიც სამხრეთ კორეის ვაჭრობის სამინისტროს ჩაუდგა. მან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში 25 წელზე მეტხანს იმუშავა. ის არის საერთაშორისო ვაჭრობის საკითხების სპეციალისტი, კონკრეტულად კი მონაწილეობას იღებდა აშშ-სა და ჩინეთს შორის საკვანძო სავაჭრო მოლაპარაკებებში.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცის დირექტორის თანადებობა 31 აგვისტოს შემდეგ ვაკანტურია, რა დროსაც ეს პოსტი დატოვა რობერტუ აზავედუმ. მან პოსტი ოფიციალურად პერსონალური მიზეზებით დატოვა და მეორე ვადა ბოლომდე ვერ დაასრულა. ის ამ ორგანზიაციას 2013 წლიდან უდგას სათავეში, მეორე ვადით კი 2017 წელს აირჩიეს.

კოკა კვირკველია