ბაიდენი - ტრამპის დამსახურებით მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზარდა

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, პანდემიის პირობებში ამერიკის უღარიბეს და უმდიდრეს ადამიანებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაღრმავდა, შესაბამისად, გაიზარდა უთანასწორობის მაჩვენებელი.

„პანდემიის დაწყებიდან დღემდე შტატებში 11 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა. ტრამპს შეუძლია გახდეს 31-ე, პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერის შემდეგ - პირველი, რომლის მმართველობის დროს სამუშაო ადგილები ქვეყანაში შემცირდა“, - განაცხადა ბაიდენმა ქალაქ ეირში მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მან პანდემიის შემდგომი ეკონომიკის აღდგენის ტრამპისეულ გეგმას უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო ისტორიაში“.

„100-მა მილიარდერმა გაგანია პანდემიის დროს დამატებით 300 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო ყველაზე ნაკლებ შემოსავლიანები კიდევ უფრო გაღარიბდნენ. ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი გარე სამყაროს ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუს პრიზმიდან უყურებს და რეალობას ვერ აღიქვამს“, - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით. ქვეყანაში ვირუსის 8 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვალებათა შემთხვევები 215 ათასს აღწევს.

კოკა კვირკველია