შრომის ინსპექციამ დადებითი დასკვნა 1 500-მდე ბაღზე გასცა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დასრულდა საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოწმება და მსგავსი დაწესებულებების მზადყოფნა მაქსიმალურია.
„შრომის ინსპექცია ამოწმებდა ბაღებს, დღეის მდგომარეობით 1 500-მდე ბაღია შემოწმებული და მათ მიმართ დადებითი დასკვნაა გაცემული, რაც ნიშნავს, რომ დღეს შეფერხების გარეშე ყველა ამ სააღმზრდელო დაწესებულებამ განაახლა პროცესი. იყო ერთეული შემთხვევები, სადაც ინფიცირებულთა კონტაქტის ან სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო არ მოხდა დღეს სწავლის განახლება, თუმცა დაგეგმილია, რომ უახლოეს დღეებში ეს პროცესი სრულად აღდგება. ყველა სხვა შემთხვევაში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია. ამით ჩვენ ფაქტობრივად, დავასრულეთ როგორც სკოლამდელი, ასევე პროფესიული სასწავლებლების, უნივერსიტეტების შემოწმება და ფაქტობრივად, მზაობა ასეთ დაწესებულებების მხრიდან მაქსიმალურია“, - აღნიშნა ფერაძემ.
მისივე ინფორმაციით, სხვა მიმართულებებით ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და ჯამში, დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 130 000-მდე კომპანია.