ბაზარზე გამოჩნდა კივი, რომელსაც ყვითელი რბილობი აქვს, ამასთან, აღნიშნულ სეგმენტში ყველაზე სწრაფად მზარდ სახეობას მიეკუთვნება. ამის შესახებ ინფორმაციას East fruit ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კივის საერთაშორისო ორგანზიაციამ IKO წელს რიგით 39-ე ვიდეოკონფერენცია ჩაატარა, სადაც განხილული იყო პროდუქტის მოსავლიანობა და პროგნოზები. შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციები ახალი ზელანდიიდან, ჩილედან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და საფრანგეთიდან.
ორგანიზაციის პროგნოზის თანახმად, კივის მოსავალი 2020 წელს სავარაუდოდ, 707, 000 ტონა იქნება, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის მაჩვენებელი. ამასთან, იტალიაში წარმოებამ შესაძლოა, 327 000 ტონას მიაღწიოს, რაც 3%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. საბერძნეთში კი, წელს დაახლოებით, 272,000 ტონა კივს ელოდებიან, რაც 10%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე. წარმოება გაზრდილია, პორტუგალიასა და ესპანეთშიც, თუმცა, საფრანგეთში 6%-ან შემცირებას პროგნოზირებენ.
კონფერენციაზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი განსახილველი თემა ყვითელი კივი იყო, რომლის წარმოებაც 2020 წელს იტალიაში თითქმის, 80,000 ტონას მიაღწევს, მიუხედავად ყინვებისა. როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, დაბალი ტემპერატურის გამო იტალიაში მწვანე კივის მოსავლიანობა 4% -ით შემცირდა, რის გამოც, ბევრი ფერმერი უკვე უარს ამბობს მის მოყვანაზე და არჩევანს ყვითელ კივზე აკეთებს. როგორც ფერმერები აღნიშნავენ, გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელი ბევრად გამძლე და სწრაფად მზარდია, ყვითელ კივზე მოთხოვნა უფრო დიდია.