კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტები „ნიკორასგან“ სტიპენდიას კვლავ მიიღებენ

კვების ტექნოლოგიები - ეს ის მიმართულებაა, რომელიც მსოფლიოში წლიდან წლამდე ვითარდება, თუმცა საქართველოში მისი პოპულარობა არც ისე დიდია. ამ მიმართულების განვითარებაზე მეტყველებს ის მრავალფეროვანი პროდუქციაც, რომელიც დღეს ბაზარზე ხელმისაწვდომია. თუ წლების წინ ნაყინი მხოლოდ ვანილისა და შოკოლადის არომატით არსებობდა, დღეს მისი ათეულობით სახეობა არსებობს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა საკვებ პროდუქტებზეც, მაგალითად, ძეხვეულზე, ლუდზე და ასე შემდეგ.

კვების ტექნოლოგიების მიმართულება საქართველოში აგრარულ უნივერსიტეტში ისწავლება. ეს ფაკულტეტი უნივერსიტეტში წლებია არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. წარმატებული სტუდენტები უკვე სამი წელია კერძო სექტორისგან სტიპენდიასაც იღებენ.

მიმდინარე სემესტრშიც კვების ტექნოლოგების ფაკულტეტის ორი მესამეკურსელი და ორი მეოთხეკურსელი „ნიკორას“ სტიპენდიანტები გახდნენ. ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი მარიამ გოგელიძე კი უკვე საწარმოს თანამშრომელიც გახდა. ახალგაზრდა ტექნოლოგებისთვის კერძო სექტორის მხრიდან აღნიშნული ყურადღება დიდი სტიმულისა და მოტივაციის მიმცემია.

დავით ივანიაძე ყოველთვიურ სტიპენდიას უკვე მეორე წელია იღებს. როგორც ის აღნიშნავს, სტიპენდია მისთვის მოტივატორი აღმოჩნდა, რომ სწავლა მაღალ დონეზე გაეგრძელებინა.

nikorashidaa-1602497014.jpg

„სტიპენდიამ, პირველ რიგში, დიდი მოტივაცია მომცა, რომ კარგად მესწავლა. სტუდენტებს შორის კონკურენციაც გაიზარდა. ძალიან კარგია, რომ სტიპენდია ყოველსემესტრულია და ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. გარდა იმისა, რომ ეს ფინანსური ჯილდოა, ძალიან პოზიტიური გრძნობაა, სტიპენდიანტის სახელი რომ გაქვს. ჩვენთვის, სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხრიდან ასეთი დაფასება და მიხარია, რომ „ნიკორა“ სამომავლოდ ჩვენთან თანამშრომლობისთვისაც ღიაა,“ - განმარტავს დავით ივანიაძე.

დავითის კურსელია გიორგი კუკავა, რომელიც ასევე მეორე წელია, სტიპენდიას იღებს.

„კვების ტექნოლოგიები განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო საქმიანობაა. ამ პროცესში დიდი როლი ლაბორატორიებსა და პრაქტიკულ საქმიანობას უკავია. სამომავლოდ მინდა, ხორცის ან პურის მიმართულებით გავაგრძელო მუშაობა. ამ ეტაპზე კი მოტივაციის ამაღლებაში ძალიან მეხმარება სტიპენდია. უდიდესი სტიმულია, რომ სწავლა გიფასდება და სამომავლოდაც ასე გაგრძელების მეტი მოტივაცია მაქვს,“ - აღნიშნავს გიორგი კუკავა.

მეოთხეკურსელების გარდა „ნიკორას“ წელს ორი ახალი სტიპენდიანტი: გიორგი რთველიაშვილი და ნიკა გომელაურიც ჰყავს. ამჟამინდელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ სტუდენტები თავად გვესაუბრებიან.

nikorashida2-1602497042.jpg

რატომ გადაწყვიტეთ კვების ტექნოლოგიების შესწავლა?

გიორგი რთველიაშვილი: ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი მეცნიერებებით. ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია ძალიან მიტაცებდა. გარდა ამისა, თავისუფალ დროს კულინარიითაც ვიყავი დაკავებული. სწორედ ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა, რომ კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩავაბარე.

ნიკა გომელაური: ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნები ყოველთვის ძალიან მიყვარდა. გადავწყვიტე ქიმია ჩამებარებინა და მერე კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტი ავირჩიე. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ ფაკულტეტზე სწავლა, რადგან სწორედ იმ საგნებსა და მიმართულებებს აერთიანებს, რაც მომწონს.

რას გვეტყვით უშუალოდ სწავლის პროცესზე, რა გამოწვევების წინაშე დადექით კვების ტექნოლოგოების შესწავლის დროს?

გიორგი რთველიაშვილი: ფაკულტეტმა ჩემი იმედები ნამდვილად გაამართლა. ზუსტად იმას ვსწავლობ, რაც მომწონს და მიყვარს. კვების მრეწველობა ძალიან დიდი სფეროა და ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელი მიმართულებით წავალ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ სწავლების პროცესში პრაქტიკული ნაწილიც ჩართულია და ლაბორატორიებშიც ვმუშაობთ.

საქართველოში კვების მრეწველობა წლიდან წლამდე მნიშვნელონად ვითარდება. ჩემი აზრით, ძალიან აქტიური და დაინტერესებული ახალგაზრდა თაობა მოდის. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი სიტყვა ვთქვათ კვების ინდუსტრიაში.

ნიკა გომელაური: სწავლის დაწყებამდე საკმაოდ ვიწრო სფერო მეგონა. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს არის ძალიან დიდი და მრავალფეროვანი მიმართულება. ბევრ სხვადასხვა საკითხს აერთიანებს. შეიძლება იმუშაო როგორც უშუალოდ პროდუქტის წარმოებაზე, ისე მის უსაფრთხოებაზე. ბევრი რამის გაკეთების საშუალებას გვაძლევს და ეს ძალიან მომწონს.

რამდენად ელოდით, რომ სტიპენდიანტი გახდებოდით და რას შეცვლის ეს სტიპენდია თქვენთვის?

გიორგი რთველიაშვილი: კონკურენცია საკმაოდ მძაფრი იყო. როდესაც გავიგე, რომ მე გავხდი სტიპენდიანტი, ძალიან გამიხარდა. ეს მომავალშიც დიდი მოტივაცია იქნება ჩემთვის, რომ უკეთესად ვისწავლო და უკეთესად ვაკეთო ჩემი საქმე. სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი სწავლა ფასდება არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ კერძო სექტორის მხრიდანაც. მიხარია, რომ ასეთი პასუხისმგებლიანი კომპანიები არსებობენ ბაზარზე. ისინი ზრუნავენ ახალგაზრდა თაობაზე და ამით ზრუნავენ იმაზეც, რომ მომავალში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ეყოლებათ. კულინარიულ სკოლაშიც ვფიქრობ სწავლას და შეიძლება სტიპენდია ამაშიც გამოვიყენო.

ნიკა გომელაური: სამწუხაროდ, დღეს კვების ტექნოლოგიის კურსდამთავრებულებს დიდ ყურადღებას არ აქცევს კერძო სექტორი და ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან ჩამოყვანილ ტექნოლოგებს ანიჭებენ უპირატესობას. აღნიშნულის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სტუდენტებისთვის ის, რასაც „ნიკორა“ აკეთებს. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ არიან კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ სტუდენტებზე და შესაბამისად, საკუთარ მომავალზე. ჩვენი პოტენციური დამსაქმებლები ხომ სწორედ ეს კომპანიები არიან. სტიპენდია სტუდენტებისთვის მეტი მოტოვაციის მომცემია, რომ უკეთესად ისწავლონ და უფრო მაღალკვალიფიცურ კადრებად ჩამოყალიბდნენ.