მიუხედავად იმისა, რომ 200 კგ-მდე პირუტყვის გაყვანა უკვე 10 თვეა აკრძალულია, ექსპორტზე 140 კგ საქონელი მაინც გადის. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ მეცხვარეთა ასოაციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.
ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ექსპორტის კლება პანდემიის დროს შემცირებული მოთხოვნით და მარტი-ივნისის პერიოდში შეწყვეტილი ფრენებით არის განპირობებული.
„რეგულაციას, ბაზარზე ასახვა არ ჰქონია. მნიშნელოვანი გავლენა იქონია პანდემიამ და ეს გავლენა დღემდე გრძელდება. მე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ 140 კგ საქონელიც ისევ გადის. შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალური ამონაწერიც საბაჟოდან. ყოველკვირეულად, ორი სამი და ოთხი რეისიც კი სრულდება ერაყის მიმართულებით და თითო რეისით გადაჰყავთ 280-300 სული პირუტყვი.
რაც შეეხება იმას, რომ 2020 წელს შემცირებულია ექსპორტი, ეს სხვა ფაქტორითაა განპირობებული. პანდემიის საწყის ეტაპზე არ ჰყავდა საქართველოს თვითმფრინავი, რომელიც ამ რეისებს შეასრულებდა. ეს ფრენები, მხოლოდ ივნისიდან აღდგა“, - განაცხადა გონაშვილმა.
რაც შეეხება ფასებს, მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, „ხორცის ღირებულება შემცირებულია ყველგან, მთელს მსოფლიოში, რისი მიზეზიც მოთხოვნის კლებაა“.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ექსპორტზე 13.913 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, ხოლო 2020 წელს 9.128 მლნ დოლარის ღირებულების. ძირითად საექსპორტო ქვეყნები უცვლელია: ერაყი, აზერბაიჯანი და ირანი.
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდის მიზნით, საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა ჯერ 140 კგ-მდე, შედეგ კი 200 კგ-მდე გაიზარდა. დადგენილების მიხედვით, შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.