სექტემბერში დოლართან რეგიონის თითქმის ყველა ვალუტა გაუფასურდა

ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამერიკულ დოლართან მიმართებით რეგიონის თითქმის ყველა ვალუტა გაუფასურდა.

უფრო კონკრეტულად 2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა თურქული ლირა (24.1%-ით), რუსული რუბლი (14.3%-ით) და სომხური დრამი (2.2%-ით). ხოლო აზერბაიჯანული მანათი უმნიშვნელოდ გამყარდა (0.1%-ით). რაც შეეხება ლარს, სტატისტიკის მიხედვით, ლარი ამ ერთი წლის განმავლობაში 6.5%-ით გაუფასურდა.

რაც შეეხება ინფლაციას, სექტემბერში ყველაზე მაღალი წლიური ინფლაცია თურქეთში დაფიქსირდა და მან 11.8% შეადგინა, შემდეგ მოდის საქართველო 3.8%-იანი ინფლაციით, რუსეთი 3.7% ინფლაციით, აზერბაიჯანში ინფლაციის მაჩვენებლმა 2.9% შეადგინა, ხოლო სომხეთში წლიური ინფლაცია 1.4%-ით განისაზღვრა.

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს კორონავირუსისგან გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ყველაზე სტაბილურ მდგომარეობას რეგიონში მაინც აზერბაიჯანი იკავებს, რომლის მთავარი მიზეზი მათ ხელში არსებული დოლარის ჭარბი რეზერვია. უფრო კონკრეტულად, უკანასკნელი მონაცემებით, აზრბაიჯანის დოლარის რეზერვები 6 მილიარდზე მეტია. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც კრიზისულ პერიოდში აზერბაიჯანული მანათი დოლართან არათუ გაუფასურდა, არამედ გამყარდა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე