„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ტყუილია, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. ამის შესახებ სერგი კაპანაძემ პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს განიხილავენ.
„აშკარაა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი რა ზრდაზეცაა დაგეგმილი, ეგ ზრდა გაისად არ გვექნება, ეგ ტყუილია. ყველაზე ცუდი წლის შემდეგ, თან ისე, რომ ყველაზე ცუდი წლის პრობლემები რაცაა, მოგვარებული არაა და არც 1-2 თვეში მოგვარდება, ამბობდე, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გექნება, უბრალოდ მოსახლეობის მოტყუებაა“,-აღნიშნა კაპანაძემ.
თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ყველა რისკის გათვალისწინებით პროგნოზირებულია ეკონომიკის 5%-იანი ზრდა და იმ შემთხვევაში თუ ტურიზმის სექტორი აღდგება, შესაძლოა ეკონომიკა 7%-ითაც გაიზარდოს.
„ნამდვილად, წელს ყველაზე ცუდი წელი გვაქვს ტურიზმის სექტორზე, თუმცა ეს დარტყმა მთლიანად აისახება 2020 წელზე, შესაბამისად, ტურიზმის თუნდაც მცირე აღდგენა დამატებით პლიუსებს გვაძლევს ეკონომიკურ ზრდაში. ტურიზმი რომ საერთოდ არ აღდგეს, 2021 წელს დაახლობით 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. თუ ტურიზმმა აღდგენა დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება მიაღწიოთ 7%-იან ეკონომიკურ ზრდას“,-განაცხადა კაკაურიძემ.
ცნობისთვის, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი.