ვინ ფლობს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებს საქართველოში

საქართველოში 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიიდან 6 სათამაშო ბიზნესია.

ასეთია 2019 წლის საწარმოთა ბრუნვის მონაცემები. მთლიანად კი გასულ წელს ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 109 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილმა კი თითქმის 23,7%, ანუ 25,860 მლრდ ლარი შეადგინა.

საწარმოთა ათეულში გვხვდება ისეთი საწარმოც, რომელიც სააქციო საზოგადოებად არის რეგისტრირებული, შესაბამისად, მათი საბოლოო მფლობელები რეესტრში არ არის მითითებული. ასეთი ერთი კომპანია „ენერგო-პრო-ჯორჯია“ გვხვდება ჩამონათვალში. რაც შეეხება დანარჩენ ტოპ-9 კომპანიას ბრუნვის მოცულობის მიხედვით, ბიზნესპრესნიუსი“ რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ცნობებს მათი მფლობელების შესახებ:

შპს ავიატორ

კომპანიის საქმიანობის სფერო არის აზარტული თამაშები. საწარმოს საბოლოო მფლობელები არიან თემურ უგულავა და TSE Holdings Limited-ი. კერძოდ, ეს უკანასკნელი 51%-იან, ხოლო უგულავა 49%-იან წილს ფლობენ. თუმცა, უფრო ვრცლად რომ ვნახოთ „ავიატორის“ მფლობელები, მისი 100%-იან წილს ფლობს შპს „ატლას“, მისი 49% - შპს „სითი ლოფტის“, ხოლო 51% - „ატლას ჰოლდინგსის“ საკუთრებაშია. თავის მხრივ სითი ლოფტი ეკუთვნის თეიმურაზ უგულავას, ხოლო „ატლას ჰოლდინგსს“ - TSE Holdings Limited-ი ფლობს.

შპს ბეთლაივი

კომპანია ასევე აზარტული თამაშების საქმიანობითაა დაკავებული. რეესტრის ბოლო მონაცემებით, მისი 38%-ინი წილი - სულიკო ვარსემაშვილს, 19% - დავით ველიჯანაშვილს; 3%-იანი წილი - თამაზ ხარაიძე, 40%-ი კი შპს „აიტი ვენჩარის“ ეკუთვნის. თავის მხრივ ეს უკანასკნელი ალექსანდრე წულუკიძის (20%), ალექსანდრე მელაძის (15%), ალექსი მოდებაძის (20%), ლაშა კვაჭაძისა (15%) და სულიკო წულუკიძის (30%) საკუთრებაშია.

შპს ლიდერ-ბეთ სლოტი

კომპანია აზარტული თამაშების მიმართულებით საქმიანობს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი აკაკი შუბითიძეა.

შპს მარსი

კომპანიის ყველაზე მსხვილ - 51%%-იან წილს ბვინ ჰოლდინგსი ფლობს, 24%-იანს - ლევან ახვლედიანი; 10%-ს - კნიაზ დასენი; 5%-5%-იან წილებს კი - გიორგი ჩხეიძე, კობა გიგლემიანი და ვანო გიგლემიანი ფლობენ.

შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი

კომპანიის საქმიანობას ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. რაც შეეხება მის მფლობელებს, რეესტრის მონაცემებით, საწარმოს 50%-იანი წილი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიას; 16,65%-„ორნონ ინტერნეიშენალ ეს.ეის“; 16,70% - „ველ თრეიდინგ FZE“-ს; 16,65%-იანი წლი კი - „სემისტონ გრუპ ინკს“ ეკუთვნის.

შპს სოკარ ჯორჯია გაზი

კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“, რომლის 75,505% - აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიას; 16,33%-იანი წილი - EVENTUS GENERAL TRADING FZE-ს; ხოლო 8,165%-იანი წილი - Intersun Holding FZCO-ს საკუთრებაშია.

შპს ტოიოტა კავკასია

კომპანიის საქმიანობას ახალი და ნახმარი ავტომობილებით საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი „ტოიოტა ცუშო კორპორეიშენია“.

შპს ფულ ჰაუსი

საწარმო აზარტული თამაშების მიმართულებით საქმიანობს. მისი 35%-იანი წილი - თემურ მიქელაძეს; 2.5%-2.5%-იანი წილები კი - გურამ დოლიძეს, ზურაბ ერქომაიშვილს, ბაკურ ხარჩილავასა და გიორგი ბარნაბიშვილს ეკუთვნით. 16,67%-16.67%-ს - ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერი და გიგი ლევაი-ვეისი ფლობენ, 16.66%- მანფრედ ბოდნერის, ხოლო 5% კლაუს გემალ რასმუსსენს ეკუთვნით.

შპს ჩემპიონები 111

კომპანია ასევე აზარტული თამაშების საქმიანობითაა დაკავებული. კომპანიის 100%-იან წილს Betsson Perch Investments-ი ფლობს.

თაია არდოტელი