როგორ გადავდგათ ნაბიჯი ნულიდან ერთამდე

როგორ შევქმნათ საკუთარი მომავალი? – ეს კითხვა ყველა ადამიანს აწუხებს. თუმცა, გააჩნია, რა მასშტაბს მოიცავს კითხვა. მომავლის შექმნა შეიძლება უბრალოდ მომავალი ცხოვრების დაგეგმვას ნიშნავდეს ან ძალიან ინოვაციურ, მასშტაბურ იდეასაც გულისხმობდეს. მომავალი შეიძლება შექმნათ ნულიდან ერთამდე ნაბიჯის გადადგმით და შექმნათ ის, რისი ანალოგიც ჯერ არავის გამოუგონია.

ამით თქვენ ქმნით საკუთარ და ცვლით სამყაროს მომავალს.

კითხვაზე, თუ როგორ შევქმნათ მომავალი, ძალიან კარგ და საინტერესო პასუხს ამოიკითხავთ წიგნში „ნულიდან ერთამდე“. პიტერ თილისა და ბლეიკ მასტერსის ავტორობით გამოცემული წიგნი გთავაზობთ სრულიად ახალ, გასაოცარ იდეებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შექმნათ ფასეულობები ჩვენს სამყაროში.

პიტერთილი არის PayPal-ისა და Palantir-ის თანადამფუძნებელი, Facebook-ის პირველი გარე ინვესტორი და ისეთი კომპანიების შემქმნელი, როგორებიცაა SpaceX და Linkedin. მანვე ჩაუყარა საფუძველიThiel Fellowship-ს, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, დატოვონ უნივერსიტეტი და სწავლა სამუშაო გარემოში გააგრძელონ.

წიგნში „ნულიდან ერთამდე“ პიტერ თილი საუბრობს სწორედ იმ გამოცდილებაზე, რომელიც სტარტაპების შექმნისას მიიღო და მოგვიანებით, ეს სტარტაპები მასშტაბური კომპანიები გახდნენ. წიგნში ამოიკითხავთ, რომ ბევრად ადვილია უკვე არსებული მოდელის კოპირება, ვიდრე თვისობრივად რაიმე ახლის შექმნა: როცა ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით და როცა სიახლეს ვმატებთ ნაცნობ პროდუქტს, 1-დან N-ისკენ ვინაცვლებთ. მაგრამ ყოველთვის, როდესაც რაღაც ახალს ვიგონებთ, 0-დან 1-ს ვქმნით. შემოქმედებითი აქტი - ისევე, როგორც სამყაროს შექმნის მომენტი - განუმეორებელია და შედეგიც თვითმყოფადი და საოცარი აქვს. ეს წიგნი გვიჩვენებს, როგორ მივიდეთ ამგვარ შედეგამდე.

15 ოქტომბერს 19:00 საათზე მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში „ალტერბრიჯი“ გაიმართება ღონისძიება, სადაც Gepra-ს უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის მრჩეველი თამთა გველესიანი ისაუბრებენ წიგნზე „ნულიდან ერთამდე“.

„წიგნი არის მსოფლიო ბესტსელერი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ საინტერესოდ არის დაწერილი და საინტერესო ისტორიებს გვიყვება, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან საინტერესო ავტორი ჰყავს. პიტერ თილი არის ადამიანი, რომლის მიმართაც მსოფლიო ყურადღებაა მიპყრობილი, რადგან მან შექმნა სტარტაპი, რომელიც იყო ინოვაციური და გადახდების სისტემა სრულად შეცვალა. წიგნი „ნულიდან ერთამდე“ არის რეალური გზამკვლევი სტარტაპებისთვის, მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს ან სამომავლოდ აპირებს. მთავარი, რასაც ეს გამოცემა გვეუბნება არის ის, რომ შევქმნათ ახალი არაფრიდან, ნულიდან და არ დავიწყოთ უკვე არსებულის კოპირება, თუნდაც ის ძალიან წარმატებული იყოს. კონკრეტულ ბიზნესსა თუ სტარტაპს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მისია, რომელიც იქნება ამბიციური და გრძელვადიანი. თილის იდეოლოგიის მიხედვით, როდესაც ვაკეთებთ იმას, რაც უკვე შექმნილია, სამყაროს ერთიდან N რაოდენობამდე წავმართავთ. და ეს მართალია. ჩვენ უკვე გაკეთებულს ვამრავლებთ, მაგრამ როდესაც ახალს ვქმნით, ნულიდან ერთისკენ ვდგამთ ნაბიჯს. ამ დროს თითოეული ნაბიჯი არის განუმეორებელი, შედეგი კი – ორგინალური და გასაოცარი. ეს არის ვერტიკალური პროგრესი, ახლის შექმნა, რაც აქამდე არ არსებობდა. სწორედ ამის კეთებას გვასწავლის წიგნი „ნულიდან ერთამდე“, – ასე ახასიათებს წიგნს სოსო გალუმაშვილი.

„ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს ავტორს, პიტერ თილს და წიგნის კითხვის დროს ეს კარგად ჩანს. ის არის მეწარმე და ინოვატორი, რომელსაც ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. სწორედ ამიტომ, მისი ნააზრევის კითხვა საინტერესოა. ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული კონკურენცია და კონკურენტული უპირატესობა. წიგნში საუბარია იმაზე, რომ რეალურად კონკურენციაში ჩაბმულ კომპანიებს დაბალი მოგება აქვთ. ავტორი მოუწოდებს მკითხველს, რომ კონკურენციაში ჩართვის ნაცვლად, მონოპოლია მოიპოვონ ბაზარზე. მას მონოპოლიის ძალიან საინტერესო გაგება აქვს. პიტერ თილის იდეოლოგიის თანახმად, მონოპოლიის მიღწევა მცირე ბაზარზე უფრო მარტივია და ამიტომ, მცირე მასშტაბით უნდა დაიწყოთ. გაფართოება კი განვითარების შემდეგი საფეხურია. მცირე ბაზრებზე მონოპოლიის მოპოვებით და შემდეგ მასშტაბის ზრდის მოდის მოგება და არა კონკურენციაში ჩაბმით. ამ მოსაზრების დასადასტურებლად აქტიურად გვიზიარებს მაგალითებს როგორც „ფეიფალიდან“, ისe სხვა ტექნოლოგიური გიგანტების გამოცდილებიდან. თილი ასევე ამბობს, რომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაზეც ჩვენს გარშემო ადამიანები არ ფიქრობენ. თუმცა საკმაოდ რთული დასადგენია ის, თუ რაზე არ ფიქრობენ გარშემო ადამიანები. ამის მიგნება უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრით თუ რას ფიქრობენ და რაზე მსჯელობენ ისინი და მხოლოდ შემდეგ მივხვდებით, თუ რაზე არ ფიქრობენ. მიღებული პასუხებიდან გამომდინარე კი უნდა მოვიფიქროთ საინტერესო იდეები და სტარტაპები, რომელსაც შევქმნით ნულიდან. ნულიდან ერთამდე – ეს ნიშნავს არაფრიდან ყველაფრამდე“, – აღნიშნავს თამთა გველესიანი.

დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, გამომცემლობა „პალიტრა L-სა“ და „ალტერბრიჯს“ შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც, როგორც ბიზნესლიტერატურის, ისე ბიზნესგანათლების განვითარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებაზე ერთ–ერთი სპიკერი იქნება მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი და პოზიტიური ფსიქო-კონსულტანტი მაკო ჯაოშვილიც.

„მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ორმხრივად საინტერესო პროექტები დავგეგმოთ. პირველ რიგში, ეს ეხება „ლურჯი ოკეანის“ ბიზნესლიტერატურას, რომელზეც უფრო აქტიურად ექნება წვდომა როგორც ჩვენს აკადემიურ პერსონალს, ისე ჩვენს სტუდენტებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ იმ ბიზნესგამოცემების თარგმნაზე, რომელიც ბევრი ადამიანის განვითარებას შეუწყობს ხელს. რამდენიმე სახელმძღვანელო უკვე შევარჩიეთ, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ, რომ ერთობლივად ვთრაგმნოთ და გამოვცეთ. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გარდა, მიმდინარე პროექტების ფარგლებში ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით. შესაძლებლობები ბევრია, ინტერესი და მოტივაცია კი ორივე მხარეს გვაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობა გველის წინ. ეს ყველაფერი იწყება წიგნით „ნულიდან ერთამდე“, რომელიც ნებისმიერი ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განმარტავს მაკო ჯაოშვილი.

წიგნის წარდგენა და საინტერესო დისკუსია „ალტერბრიჯში“ 15 ოქტომბერს 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების ბმული: https://fb.me/e/6mU3NIEDs