„არცერთ ეტაპზე არ უნდა გვქონოდა იმედი, რომ ევროკავშირი პოზიტიურ გამოხმაურებას მოგვცემდა“ - რამდენად იქნება  საქართველო მზად 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის?

„ცალსახა პასუხი - იქნება თუ არა მზად საქართველო 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე პოზიტიური გამოხმაურების მისაღებად, არცერთ ექსპერტს არ ექნება,“ - ამის შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლისთვის განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება, მაგრამ ევროკავშირი აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნის გარანტიას ვერ იძლევა. გოგოლაშვილის მოლოდინით, დასკვნა ალბათ, უფრო საშუალო შუალედური იქნება.

„რთული საკითხია და ალბათ ცალსახა პასუხი არცერთ ექსპერტს არ ექნება - შეძლებს თუ არა საქართველო 2024 წელს მზად იყოს არა იმისთვის, რომ განაცხადი გააკეთოს, (რადგან განაცხადი შეიძლება ხვალაც გააკეთოს სახელმწიფომ), არამედ იმისთვის, რომ განაცხადი ევროკავშირის მხრიდან პოზიტიურად იყოს მიღებული. როდესაც აკეთებ განაცხადს, იგულისხმება რომ ახლო მომავალში აპირებ გაწევრიანებას, ეს შეიძლება იყოს 1-დან 10 წლამდე, რადგან ზუსტად არაა დადგენილი როდის მოვა გაწევრიანების მომენტი.

ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, არცერთ ეტაპზე არ უნდა გვქონოდა იმედი, რომ ევროკავშირი პოზიტიურ გამოხმაურებას მოგვცემდა. ელემენტარულად, ევროკავშირს რომ ჰქონდეს სურვილი ან დადებითი შეხედულება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამის პერსპექტივას როგორც შესაძლებლობას, ასოცირების შეთანხმებაში დააფიქსირებდა. თუმცა ეს არ მოხდა 2014 წელს. შემდგომშიც ბევრი შესაძლებლობა იყო, რომ ევროკავშირს გაეკეთებინა განცხადება საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას არ აკეთებს.

მთლიანობაში ევროკავშირს გაფართოების ამბიცია და სურვილი არ აქვს. მეორეც ყველაზე მოწინავე ქვეყნები ევროპეიზაციის კუთხით ჩვენს რეგიონში ვართ - მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, მაგრამ არცერთი ქვეყანა არ არის მზად, რომ ევროკავშირმა განიხილოს როგორც პოტენციური კანდიდატი,“-განაცხადა გოგოლაშვილმა.

თაია არდოტელი