როგორია სოფლის მეურნეობის მომავალი - აბუ-დაბიში ვერტიკალური ფერმა 17,5 ჰექტარზე აშენდება

კომპანია GrowGroup (ნიდერლანდები) და არაბული RainMakers Capital Investment აბუ-დაბიში ვერტიკალურ ფერმას GreenFactory Emirates ააშენებს.

როგორც East fruit წერს, კომპლექსი 17,5 ჰექტარზე განთავსდება. GrowGroup-ის ხელმძღვანელის ჯონ ბრედველდის თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 150 მილიონ ევროს შეადგენს. ამასთან, მეურნეობა წელიწადში 10,000 ტონა ბოსტნეულს აწარმოებს.

ფერმაში მოიყვანენ სალათის ფურცლებს, ისპანახს, მწვანილს და კომბოსტოს. ვერტიკალურ ფერმაში მოსავალი დაცული იქნება კლიმატური გართულებებისგან.

პროექტის ხელმძღვანელების ინფორმაციით, სათბური აღჭურვილია ჰოლანდიური ტექნოლოგიებით, რომელიც პესტიციდების გარეშე მცენარის ზრდას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ობიექტი 95%-ით ნაკლებ წყალს მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი სათბური.

აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პროექტი სურსათის უვნებლობის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2018 წელიდან დაიწყო. სურსათის უვნებლობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგიები სოფლის მეუნეობის მოსავლიანობას 30%-ით გაზრდის.

GrowGroup და RainMakers Capital Investment მსგავსი პროიექტების განხორციელებას სხვა ქვეყნებშიც გეგმავენ. კერძოდ, იქ, სადაც პროდუქტის მოსავლიანობაზე კლიმატური ცვლილებები ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ვერტიკალური ფერმა მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება. მეტიც, დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ ვერტიკალური ფერმა სოფლის მეურნეობის მომავალია. რამდენიმე ქვეყანამ უკვე საკმაოდ აქტიურად დაიწყო პროექტის განხორციელება. გარდა გაერთიანებული საამიროებისა, ვერტიკალური ფერმა წარმატებით ფუნქციონირებს იტალიასა და პარიზში.

ნინი ქეთელაური