რა მოუტანა ქვეყანას ეკონომიკურმა შეზღუდვებმა - პაატა ბაირახტარი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე 2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა საქართველოსთვის.

მიმდინარე წელს მსოფლიოს covid-19-ის ვირუსთან გამკლავება მოუწია, გამონაკლისი არც საქართველო იყო და ქვეყანამ ისტერიული ბრძოლა გამოუცხადა უხილავ მტერს. იმდენად ისტერიული, რომ გატარდა ყველა საჭირო, თუ გამოუსადეგარი ღონისძიება მის შესაჩერებლად. ერთად მიმოვიხილოთ, თუ რამდენად მოხერხდა ამ მტერთან გამკლავება და რა შედეგები მოუტანა ამ ყველაფერმა ქვეყნის ეკონომიკას.

საგანგებო მდგომარეობა და მისი გავლენა ეკონომიკაზე

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. იმავე დღეს შეწყდა ავიამიმოსვლა ქვეყანაში. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შავი დღე გაუთენდა კერძო სექტორს. 18 მარტიდან დაიხურა ბარ-რესტორნები, კინოთეატრები, ფიტნეს დარბაზები და სხვა გასართობი, თუ დასასვენებელი ობიექტები, ყველაფერი სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ზუსტად 10 დღეში პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოებას აცნობა ე.წ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები. ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის პრაქტიკულად, სრული პარალიზება მოხდა, გამოცხადდა კომენდანტის საათი. რამაც ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი ეკონომიკური აქტივობა, სრულად გააჩერა, ასევე ჩაიკეტა დიდი ქალაქები. ეს უკანასკნელი მალევე სასურსათო დეფიციტში გადაიზრდება, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

ზემოთ ნახსენები კაბალური შეზღუდვების მთავარ ახსნას წარმოადგენდა, ის რომ ეს შეზღუდვები ქვეყანას საშუალებას მისცემდა, ზაფხულში ტურისტული სეზონი გაეხსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოსახლეობას რამოდენიმეჯერ განუმარტა მთავარი იყო ქვეყანას ცოტა მოეთმინა. სამაგიეროდ ზაფხულში ქვეყანას მწვანე ზონის სტატუსი ექნებოდა და ტურისტული სეზონიც გაიხსნებოდა. მართალია ქვეყანამ ვირუსისგან მწვანე ზონის სტატუსი მართლაც მოიპოვა, მაგრამ დაპირებული საზღვრების გახსნა დაპირებადვე დარჩა. ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, პრაქტიკულად, მოკლა.

კერძოდ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისის თვეში ქვეყანამ 97 %-ით უფრო ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2019 წელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტურიზმიდან შემოსავლები განულდა. თვალსაჩინოებისთვის, თურქეთის ტურისტული შემოსავლები, იმავე პერიოდში 54 %-ით შემცირდა. ეს იმ რეალობაში, როდესაც ამავე პერიოდში თურქეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაცილებით რთული იყო, ვიდრე საქართველოში. მაგალითად თუ ივლისის თვეში საქართველოში 24 საათში 15-20 ინფიცირებული ფიქსირდებოდა, იმავე პერიოდში თურქეთში ეს მაჩვენებელი 1 000 შემთხვევას აღწევდა.

თუმცა ტურისტული სექტორი არ იყო ერთადერთი, რომელმაც დიდი დანაკარგები მიიღო. მნიშვნელოვანი დანაკარგები მიიღო ავიაციამაც. მით უფრო, რომ ავიაკომპანიებს 2- ჯერ გადაუწიეს საჰაერო სივრცის გახსნის თარიღი და ბოლოს საერთოდ უარი უთხრეს ცის გახსნაზე. ამ ქმედებას 2 დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ (რაინიარი და ვიზიარი) ბაზრის დატოვებით უპასუხა, „ვიზიარმა“ კი საქართველოში არსებული ბაზა საერთოდ დახურა.

თუმცა, ეს იმ სექტორების მცირე ჩამონათვალია, რომელიც გაურკვეველ მიზეზთა გამო სრულად გააჩერა მთავრობამ. ამაზე ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო ინსტიტუტებიც. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ბოლო პროგნოზში, სადაც ბანკი საქართველოს ეკონომიკის შემცირებას 6%-ის ფარგლებში ვარაუდობს, პირდაპირაა ნათქვამი, რომ წლის დასაწყისში გატარებული ეკონომიკური შეზღუდვების გამო, საქართველოში 40 000 ადამიანს მნიშვნელოვნად შეუმცირდება ან საერთოდ შეუწყდება შემოსავალი, ხოლო 16 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მთავრობის ნაჩქარევ და არასწორ ქმედებებზე მიუთითებს გახლავთ ვირუსის ამჟამინდელი გავრცელება, საქართველოსა და იმ ქვეყნებში, რომლებმაც ეკონომიკას მსგავსი შეზღუდვები არამც, თუ პირველ ეტაპზე, არამედ საერთოდ არ დაუწესეს. კერძოდ კი, თუ მაგალითად 4 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში დღეში 554 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი, დღეში 130 შემთხვევას არ აღემატებოდა. აზერბაიჯანს, რომელსაც გაცილებით რბილი შეზღუდვები ჰქონდა.

კიდევ ერთი ჩვენი რეგიონის ქვეყანა, რომელსაც საერთოდ არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია ეკონომიკაში გახლავთ ბელარუსი. ბელორუსში 4 ოქტომბრის მდგომარეობით დღეში 443 კოვიდ-19-ის შემთხვევა ფიქსირდებოდა, ანუ ჩვენზე 111 შემთხვევით ნაკლები და ეს შეზღუდვების პრაქტიკული არარსებობის პირობებში. ასეთ რეალობაში სავსებით ლეგიტიმურად ისმის კითხვა რა საჭირო იყო ეკონომიკის სრული გაჩერება.

მას შემდეგ რაც დაპირებული ეკონომიკური ბენეფიტები ვერ მიიღო ქვეყანამ და ვერც ვირუსთან ბრძოლაში მიაღწია გადამწყეტ გამარჯვებას, კაბალური შეზღუდვების კიდევ ერთი გამართლება გაჩნდა სამთავრობო გუნდში. ამ განმარტების თანახმად ქვეყანამ ეს პერიოდი და კაბალური შეზღუდვები ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოიყენა.

ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნასა და გაძლიერებაზე ოფიციალური სტატისტიკა ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია. სწორედ ამ უკანასკნელიდან ვცადეთ ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება, თუ რამდენად გაიზარდა ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამ პერიოდში. უწყებამ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. თუმცა, კლინიკების შიდა ინფორმაციებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად სასუნთქი აპარატების რაოდენობა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიის მართვისას, პრაქტიკულად არ გაზრდილა. კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც შეგვიძლია საუბარი არის ადამიანური რესურსი. მაგალითად თუ სახელმწიფო კლინიკები ექიმს ჩვეულებრივ მორიგეობაში საათში 6 ლარს სთავაზობენ, ზუსტად იმდენივე თანხას სთავაზობდნენ კოვიდ კლინიკებში მორიგე ექიმებსაც. ეს კი სავსებით ლეგიტიმურად იწვევდა სამედიცინო პერსონალის პროტესტს, რაც მნიშვნელოვან დეფიციტს წარმოქმნიდა ადამიანური რესურსის. ამ უკანასკნელის გამოსწორება მხოლოდ გასულ კვირას, ანუ პანდემიიდან 8 თვის თავზე მოახერხა ჯანდაცვის სამინისტრომ და კოვიდ-19-ის მიმართულებაზე მომუშავე მედპერსონალს ხელფასები 50%-ით გაუზარდა. ეს იყო იმ ცვლილებათა მთავარი ჩამონათვალი, რომელიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე გაიარა ჯანდაცვის სისტემამ. ალბათ დანარჩენს მკითხველი განსაზღვრავს, თუ რამდენად იყო ამ ცვლილებებისთვის ეკონომიკის მთლიანად გაჩერება აუცილებელი.

ანტიკრიზისული გეგმა

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გადადგა იყო 9 დასახელების პროდუქტზე ფასების სუბსიდირება. კერძოდ კი იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო კალათის 70%-ზე მეტი იმპორტირებულია, მთავრობამ გადაწყვიტა ძირითად 9 სამომხმარებლო პროდუქტზე კურსთა შორის სხვაობა დაესუბსიდირებინა. ეს კი განპირობებული იყო იქიდან, რომ ზემოთ ნახსენები შეზღუდვების გამოცხადებიდან მოყოლებული ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და თუ მარტის დასაწყისში ერთი აშშ დოლარი 2.77 ლარად ივაჭრებოდა, მარტის ბოლოს, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ეკონომიკური შეზღუდვები მთელი ძალით ამუშავდა, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.50 ნიშნულს მიუახლოვდა.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ რამდნიმე დღეში ეროვნული ვალუტა თითქმის 22%-ით გაუფასურდა. ეს ისტორიაში ლარის ყველაზე სწრაფი დევალვაცია და ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარეც უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს პროცესი სერიოზულ წნეხს წარმოქმნიდა ფასების საერთო დონეზე. ასეც მოხდა, მარტის თვეში ფასების საერთო დონემ მიზნობრივს 2- ჯერ გადააჭარბა და 6.1%-ნი ინფლაცია დაფიქსირდა.

cxrilii-1602580527.png

სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადაწყვიტა მთავრობამ საბაზრო ეკონომიკისთვის სრულიად მიუღებელი ფორმით ფასების დარეგულირება. მართალია, საქართველოში ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ცენტრალური ბანკია, თუმცა ყველა აცნობიერებდა, რომ ხელოვნურად გაჩერებულ ეკონომიკაში ცენტრალურ ბანკს, პრაქტიკულად არაფრის გაკეთება აღარ შეძლო. სწორად ამის პასუხად ეკონომიკურმა გუნდმა ფასების სტაბილურობა სოციალისტური მიდგომებით სცადა. თუმცა, ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე ფორმისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, მთავარი იყო მიზანი. ახლა საინტერესოა, თუ რა შედეგი მოიტანა ე.წ. ფასების გადაზღვევის მცდელობამ, რომლისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 15 მლნ ლარი გამოიყო.

შედეგი კი არც თუ ისე სახარბიელო იყო, გარდა იმისა, რომ აპრილში ფასების საერთო დონემ კიდევ უფრო მოიმატა, ვიდრე მარტში. ფასები, ასევე გაძვირდა იმ 9 პროდუქტზეც, რომელზეც სახელმწიფომ ფასები გადააზღვია. კერძოდ, აპრილში ინფლაციამ, მიზნობრივ მაჩვენებელს 2.5- ჯერ გადააჭარბა და 6.9%-ი შეადგინა. თუმცა, სიტუაცია გაცილებით უფრო რთული იყო, იმდენად, რამდენადაც ყველაზე მნიშვნელოვნად ფასები გაიზარდა, ისეთ ქვეჯგუფებზე როგორებიც იყო სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, და ამ ჯგუფში ფასების მატებამ 16%-ს გადააჭარბა. ეს სწორედ ის ქვეჯგუფია, რომელშიც მთავრობის მიერ გადაზღვეული 9 პროდუქტი შედის.

cxrili1-1602580617.png

თუმცა დაკვირვებული მკითხველი აქვე შენიშნავდა იმ გარემოებასაც, რომ ფასების ზრდა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც სამომხმარებლო კალათაში ადგილობრივი პროდუქციის წილი იზრდება, სეზონურობიდან გამომდინარე. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს კურსის ზეწოლას ინფლაციურ პროცესებზე, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა, ამის მთავარი მიზეზი კი ზემოთ ხსენებული სანქციები იყო.

კერძოდ კი როგორც უკვე ვახსენეთ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აიკრძალა ქალქებსა და სოფლებში შესვლა-გამოსვლა. ამან კი მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური პრობლემები წარმოშვა. ადგილობრივი წარმოების სასოფლო სამეურნეო პროდუქცია სარელიზაციო ადგილებამდე ვერ აღწევდა, ამას დაემატა აგრარული ბაზრების დაკეტვაც, რამაც პროდუქტებზე მნიშვნელოვანი დეფიციტი წარმოქმნა, ამან კი თავის მხრივ, ფასების სწრაფ ზრდას, კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

სრული „ლოქდაუნის“ და კერძო სექტორის იძულებითი გაჩერების შემდეგ, მთავრობამ რამდენიმე მექანიზმის გამოყენებით გადაწყვიტა კერძო სექტორის დახმარება. თანმიმდევრულად განვიხილოთ ის პროგრამები, რომელიც მთავრობამ კერძო სექტორის დასახმარებლად აამუშავა.

ზემოთ ნახსენები მონაცემებიდან გამომდინარე, ცხადია ერთ-ერთი პირველი, რომლის დახმარებაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ, ტურისტული სექტორი აღმოჩნდა. ამ მიმართულებით მთავრობამ პირველი ნაბიჯი გადასახადების გადავადებით გადადგა და ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესს, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები ნოემბრის ბოლომდე გადაუვადა. იმ პერიოდში ეს ნამდვილად შვებად ჩანდა ამ სექტორისთვის, ვინაიდან გაჩერებულ ბიზნესს დამატებითი ხარჯები უმცირდებოდა, ამასობაში კი პრემიერისა და ეკონომიკური გუნდის დაპირებული საზაფხულო ტურიზმის გახსნაც წამოეწეოდათ, მით უფრო, რომ ქვეყანას მწვანე ზონის სტატუსი კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას შემატებდა. სწორედ ამიტომ ამ პროგრამით, თითქმის 5000 ბიზნეს სუბიექტმა ისარგებლა. თუმცა, როგორც უკვე ვახსენეთ დაპირება, დაპირებადვე დარჩა და ტურისტული სეზონი არ გახსნილა. ასეთ რეალობაში ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ბიზნესმა ამ მექანიზმის გამოყენებით მნიშვნელოვანი შეღავათი მიიღო სახელმწიფოსგან. ასევე გაუგებარია მთავრობის ლოგიკა, თუ როგორ უნდა დაიწყოს წლის ბოლოს გადასახადების გადახდა მთელი წლით გაჩერებულმა ბიზნესმა, ისევ დაკეტილი საზღვრების ფონზე.

მეორე მიმართულება, რომლითაც ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის რეანიმირებას ცდილობდა, ასევე გადასახადებს ეხებოდა. სქემა კი მარტივი იყო ბიზნესში მეტი ფულის დატოვებით კერძო სექტორი იმ მიყენებულ ზარალს დააკომპენსირებდა, რომელიც მთავრობის შეზღუდვებმა მიაყენათ.

ამისთვის მთავრობამ შემდეგი სქემა აარჩია, 6 თვის ვადით 750 ლარამდე ხელფასი სრულად განთავისუფლდებოდა საშემოსავლო გადასახადისგან, თუ კომპანია თანამშრომელს შეინარჩუნებდა. თუმცა, აქაც რამდენიმე მიმართულება ვერ გათვალა ეკონომიკურმა გუნდმა. პირველ რიგში საშემოსავლო გადასახადი თავისი ბუნებით არის გადასახადი, რომელსაც დასაქმებული იხდის ბიუჯეტის სასარგებლოდ და არა დამსაქმებელი. შესაბამისად ამ თანხის დასაქმებულისთვის დატოვებით მთავრობას შეეძლო ე.წ. ფისკალური სტიმულიც მიეწოდებინა ეკონომიკისთვის. ხოლო, მეორე და უმთავრესი რომელიც ვერ თუ არ გათვალა ხელისუფლებამ იყო ის, რომ თუ დამსაქმებელი თანამშრომელს გაათავისუფლებდა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვებდა, ასეთ რეალობაში უფრო მეტ რესურსს დაზოგავდა. რაც თავის მხრივ აზრს უკარგავდა მთავრობის ზემოთ ნახსენებ შეთავაზებას.

კერძო სექტორის დასახმარებლად ამუშავდა საგრანტო-საგარანტიო სქემაც ამისთვის ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო. თუმცა ამის მიუხედავადაც კერძო სექტორის დიდი ნაწილისთვის ე.წ. ახალი ფულის პოლიტიკა მიუღწეველი აღმოჩნდა, რასაც ქვემოთ მოყვანილ მონაცემებშიც ვნახავთ. თუ არ ჩავთვლით ერთეულ სექტორებს, მნიშვნელოვანი ფისკალური დახმარება პრაქტიკულად კერძო სექტორს არ მიუღია. ამის ნათელი მაგალითი იყო სამშენებლო სექტორი, რომელმაც ერთდროულად რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენებით მიიღო სახელმწიფოს დახმარება.

პირველი ინსტრუმენტი, რომელიც სამშენებლო სექტორის დასახმარებლად ამუშავდა იყო იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა. რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო 4%-თანადაფინასებას ახდენდა, ამისთვის ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყო. რა თქმა უნდა ამას ჰქონდა სოციალური ეფექტიც, თუმცა ასეთ რეალობაში გაუგებარი დარჩა რატომ არ შეეხო აქცია მეორედ ბინებს ან კომპანიების შიდა განვადებებს.

მეორე მიმართულება, რომლითაც მთავრობა დეველოპერულ სექტორს დაეხმარა გახლდათ 100 მლნ საგარანტიო აუქციონი გახლდათ. უფრო კონკრეტულად კი მთავრობა დაუსრულებელი მშენებლობების გადაზღვევის მიზნით სამშენებლო სექტორიდან თავად გამოისყიდდა ბინებს, ეს ორ ეტაპად განხორციელდებოდა და თითოეული ეტაპისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარი გამოიყო.

ცხადია ამას კონკრეტულის სექტორისთვის ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, თუმცა რის საფუძველზე მოხდა სექტორების გადარჩევა და რატომ არ მივიდა სხვა ბიზნესებამდე სახელმწიფო დახმარება მაშინ, როდესაც ეს მათი გადარჩენის ერთადერთი წყარო იყო, ეს უცნობია. ეს ყველაფერი კარგად ჩანს ცენტრალური ბანკის ოფიციალური სტატისტიკიდანაც, სადაც ბოლო წლებში გაჯანსაღებული სასესხო პორთფელი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით ივნისიდან, ანუ იმ პერიოდიდან როდესაც მთავრობის იპოთეკური სესხების პროგრამა ამუშავდა, აგვისტოს თვემდე, ამ სექტორის დაკრედიტება გაზრდილია თითქმის 300 მლნ.

cxrili2-1602580658.png

როგორც უკვე ვახსენეთ, ცხადია ეს კონკრეტული სექტორისთვის ცუდი სულაც არ არის, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ზოგადად სასესხო პორთფელზე. რომლის მიხედვითაც ზოგადად ბიზნესის დაკრედიტება, მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმევა პერიოდში. კერძოდ კი თუ ივნისიდან-ივლისამდე იპოთეკური სესხები 300 მლნ-ით გაიზარდა, თითქმის 400 მლნ-ით შემცირდა მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხები. კერძოდ თი ივნისში ამ სექტორზე 7,632 მლრდ ლარი გაიცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 7,241 მლრდ-მდე შემცირდა.

cxrili3-1602580698.png

როგორც ვხედავთ ვხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც ეკონომიკურმა შეზღუდვებმა ყველაზე მეტად დაზარალა მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე დარჩა.

მონეტარული ხელისუფლება

როგორც დასაწყისში ვახსენეთ ქვეყანაში პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ფასების სტაბილურობა კი მონეტარული ხელისუფლების, ანუ ცენტრალური ბანკის მთავარ მანდატს წარმოადგენს. როგორც უკვე ვახსენეთ აღმასრულებელი ხელისუფლების არასწორი ნაბიჯებისა, თუ საგარეო შოკების გამო ცენტრალური ბანკის მოქმედების არეალი მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული, თუმცა ამის მიუხედავადაც საინტერესოა, როგორ მოქმედებდა სებ-ი მისი შესაძლებლობების ფარგლებში და რამდენად გეგმაზომიერი იყო მისი ქმედებები.

მაღთალია სებ-ში ლარზე პასუხისმგებლობას იხსნიან მაგრამ ჩვენი ეკონომიკური სტრუქტირიდან გამომდინარე, ინფლაციაზე მთავარ წნეხს ხშირ შემთხვევაში, გაცვლით კურსი წარმოადგენს ხოლმე, ასე მოხდა მიმდინარე წელსაც.

იმის მიუხედავად, რომ 2020 წლის დასაწყისიდან რეგიონში „კორონა“ კრიზისის გამო შოკები მძაფრდებოდა ეროვნული ვალუტა პოზიციებს ინარჩუნებდა და პირველი კვარტლის მიწურულს, ერთი დოლარი 2.77 ლარის ფარგლებშიც კი ივაჭრებოდა. სწორედ ამ მონაცემებით გულმოცემული ხელისუფალნი თავსაც იწონებდნენ, რომ გლობალურმა კრიზისმა ლარს ვერაფერი დააკლო, ეს კი მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებდა. თუმცა, ამ განცხადებიდან რადენიმე დღეში ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და თუ მარტის დასაწყისში ერთო დოლარი 2.77 ლარის ფარგლებში ივაჭრებოდა, მარტის მიწურულს ერთი დოლარის ღირებულება 3.50 ლარს გადასცდა.

მაგრამ ლარის გაუფასურება მხოლოდ გლობალურ კრიზისს დავაბრალოთ, არ იქნება სწორი. მით უფრო, როდესაც უკვე ვახსენეთ, რომ კრიზისის საწყის ეტაპზე ლარი თავმომწონედ გამოიყურებოდა. თუმცა, მოხდა რაღაც, რამაც ლარი თავდაყირა დააყენა. ეს რაღაც კი იყო არა გლობალურ ეკონომიკიდან მომდინარე, არამედ ადგილობრივ ბაზარზე დაშვებული შეცდომა. როგორც უკვე ვახსენეთ, ლარმა მკვეთრი გაუფასურება მარტის დასაწყისში დაიწყო. თუ გაუფასურების ტრენდს დავაკვირდებით, იგი ლამის საათის სიზუსტით მიჰყვა საპენსიო სააგენტოს ტრანზაქციას, რომლის მიხედვითაც 500 მლნ ლარი კომერციული ბანკების ანგარიშებზე გადავიდა. ბანკებს გაეზარდათ ლიკვიდობა და თავის მხრივ ეს თანხა მიმოქცევაში გაუშვეს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ერთბაშად ლარის მასა ნახევარი მილიარდით გაიზარდა, რაც ლარისთვის მნიშვნელოვანი წნეხი აღმოჩნდა.

ეს გარემოება ბევრს გამორჩა და ლარის გაუფასურება პირდაპირ გლობალურ კრიზისსა და კორონა ვირუსს დაბრალდა. გლობალური შოკების მოლოდინში, ცხადია, სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმაც დაიწყეს ჰეჯირება და ამან კიდევ უფრო გაზარდა წნეხი ეროვნულ ვალუტაზე. ისიც ცხადია, რომ ამ პროცესების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა ცენტრალურ ბანკს, მაგრამ ამის მიუხედავად სებ-ი მთელი თვის განმავლობაში არ ჩარეულა სავალუტო ბაზარზე. სებ-ი ლარის გაუფასურებასა და სავალუტო ბაზარზე არსებულ პანიკას შორიდან უყურებდა. ეს ის შეცდომაა, რომელიც სებ-მა ერთხელ უკვე დაუშვა 2019 წელს. ეროვნული ბანკის ჩაურევლობის პოლიტიკა შეიძლება იმით აიხსნას, რომ ძნელია სებ-მა აჟიოტაშურ მოთხოვნას რეზრვები დაუპირისპიროს, თუმცა არც კომუნიკაციით უცდია ცენტრალურ ბანკს პანიკის გაფანტვა. მოგვიანებით კი სებ-ის ქმედითმა ნაბიჯებმა ყველას დაანახა, რომ ცენტრალურ ბანკს სიტუაციის კონტროლი თავიდანვე შეეძლო, თუმცა დააგვიანა.

კერძოდ, გვენეტაძის უწყებამ მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა სავალუტო ბაზარზე ჩარევა, როცა ბლუმბერგის სისტემაში კურსი 3.60 ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა და ბაზარს 40 მლნ დოლარი მიაწოდა. ამასთან, მონეტარული ხელისუფლების აღმასრულებლებმა აქტიური კომუნიკაცია დაიწყეს სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებთან და საჯაროდ განაცხადეს, რომ სებ-ი ბაზარზე უფრო აქტიურად იქნებოდა წარმოდგენილი.

შედეგმაც არ დაყოვნა და ძალიან მალე კურსი მართვას დაექვემდებარა, თუ მარტის ბოლოს ერთი დოლარი თითქმის 3.60 ფარგლებში ივაჭრებოდა, რამდენიმე კვირაში კურსი თითქმის 48 პუნქტით გამყარდა. თუმცა, დიდხანს არც ეს პოზიტიური ტრენდი გაგრძელდა და სებ-მა შეცდომების ახალი ტალღა წამოიწყო, რასაც ლარის დევალვაციის ახალი ტალღა მოჰყვა. კერძოდ, იმის მიუხედავათ, რომ კურსიდან წამოსული წნეხის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივს 2.5 ჯერ აჭარბებდა, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის შერბილება გადაწყვიტა და რეფინანსირების განაკვეთი 9%-დან 8.5%-მდე შეამცირა. (ეს არის სებ-ის ერთ ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი). ეს გადაწყვეტილება სებ-ში მოთხოვნის შოკებით ახსნეს და განმარტეს, რომ საერთო მოთხოვნის შემცირება ისედაც ფასების შემცირების მიმართულებით იმოქმედებდა. თუმცა, აქ ცენტრალურ ბანკს გამორჩა მიწოდების შოკები, როგორებიცაა მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობა, ასევე გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ სებ-ს გამორჩა მოთხოვნის შემცირების დროებითობა, რომელიც საბანკო ვალდებულებების ხელოვნური გადავადებით იყო გამოწვეული.

ავტორი: ეკონომისტი, „აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი