„ოცნების“ მმართველობის პერიოდში ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, ხოლო ემიგრაციაში 760 ათასი ადამიანი წავიდა“

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „ქართული ოცნების“ მმართველობას პერიოდში ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ეკონომიკა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, მშრალი რიცხვები:

• ეკონომიკა (რეალური მშპ) 2012-დან (30,439 მლნ ლარი) 2020 წლამდე (37,945 მლნ ლარი) დაახლოებით 25%-ით გაიზარდა. წლიური საშუალო ზრდის ტემპი მხოლოდ 3%;

• ტურიზმის შემოსავლები 2012 წლიდან (1,682 მლნ ლარი) 2019 წლამდე (3,526 მლნ ლარი) 110%-ით გაიზარდა;

• თითქმის ყველა საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესებულია; (https://tradingeconomics.com/georgia/rating)

• 2013-2019 წლებში FDI (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები) წლიურად საშუალოდ 7.4%-ით იზრდებოდა;

• სოფლის მეურნეობა მხოლოდ 4.1%-ით გაიზარდა (მუდმივ ფასებში);

• 2012 წლიდან 2020-ის მიმდინარე პერიოდამდე ლარი აშშ დოლართან 93.4%-ით გაუფასურდა 1.65-დან 3.22-მდე;

• დასაქმებულთა რიცხვი მხოლოდ 2%-ით გაიზარდა;

• 2012-2020 წლებში სამუშაო ძალა 4.7%-ით შემცირდა;

• სამუშაო ძალის გარეთ ადამიანთა რიცხვი 7%-ით გაიზარდა;

• 2012-2019 წლებში ქვეყნიდან ემიგრაციაში ჯამურად 760 000 ადამიანი წავიდა;

• საქართველოს სახელმწიფო ვალი 2012 წლიდან 2020 წლამდე 230%-ით გაიზარდა.

ახლა კი შეფასება:

ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპი იყო დაბალი. ინვესტიციების ზრდა იყო ძალიან დაბალი, მითუმეტეს ახალი ინვესტიციების. ლარი თითქმის ორჯერ გაუფასურდა აშშ დოლართან, რამაც ზეგავლენა მოახდინა ინფლაციაზე და ბოლო 8 წელიწადში ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დასაქმება. ყველაზე საგანგაშო ამ რიცხვებში მგონი ესაა - ქვეყნიდან ბოლო რვა წელში ემიგრაციაში 760 ათასი ადამიანი წავიდა,“-წერს კეპულაძე.

თაია არდოტელი