ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო სტრუქტურების წარმომადგენლები სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანია „ბროლში“ იმყოფებიან. მიმდინარე საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრებას.
რეესტრის მონაცემებით, კომპანია „ბროლი“ 2010 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი - ჯამშიდ სორხქუჰია. კომპანიას სულ 6 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 4 წაგებულია, 1 შემდგარია, ხოლო ერთი მიმდინარე. შემსყიდველი პირი შემდგარ ტენდერზე - შპს „თიანეთის წყალია“.
რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც ფინანსური ანგარიშგებების შესაბამის ვებგვერდზეა მითითებული, შპს „ბროლი“ მე-4 კატეგორიას მიეკუთვნება. ეს ნიშნავს, რომ საანგარიშგებო პერიოდში აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს; შემოსავალი 2 მილიონ ლარს; ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება. უნდა ითქვას, რომ „ბროლს“ ანგარიშგება წარდგენილი არ აქვს . ცნობისათვის, მეოთხე კატეგორიის საწარმო გათავისუფლებულია აუდიტის მოთხოვნისაგან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.