კვიპროსი ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის გაცემის პროგრამას აჩერებს

ინვესტიციის სანაცვლოდ გაცემული ეგრეთ წოდებული ოქროს პასპორტების შემოწმებების შემდეგ, კვიპროსის მთავრობამ, პასპორტების გაცემის ამჟამად მოქმედი პროგრამა შეაჩერა. პროგრამის მოქმედება 1-ლი ნოემბრიდან შეჩერდება. ქვეყნის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

როგორც კვიპროსის საინფორმაციო სააგენტო იუწყება, ეგრეთ წოდებული ოქროს პასპორტების გაცემის შეწყვეტის წინადადებით, მთავრობას ფინანსთა და შინგან საქმეთა მინისტრებმა მიმართეს. ამის მიზეზად მათ ასეთი პასპორტების გაცემისას დაშვებული დარღვევები დაასახელეს.

მთავრობამ აქამდე არაერთხელ გამოაცხადა პასპორტების გაცემის შემოწმების შესახებ. შემოწმების მიზანი, პროგრამის პირობების დარღვევა იყო. 7 ოქტომბერს გამოცხადებული შემოწმების შემდეგ, მოქალაქეობა 7 პიროვნებას ჩამოერთვა, რომლებმაც ოქროს პასპორტები, ინვესტიციის სანაცვლოდ მიიღეს.

კვიპროსის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი კირიაკოს კუსიოსი ამბობს, რომ შემოწმებები პროგრამის შეჩერების შემდეგაც გაგრძელდება.

შემოწმებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კვიპროსის იურიდიული სამსახური იმ მოხსენებას გაეცნო, რომელიც ინვესტიციების სანაცვლოდ პასპორტების გაცემის პროგრამის კომიტეტმა წარადგინა. მოხსენებაში პროგრამის 2012-2018 წლების შესრულებაა მიმოხილული.

კომიტეტმა მოქალაქეობის გაცემის ის 42 ფაქტი შეისწავლა, რომლებიც გამოძიების აზრით, „მაღალი რისკის ჯგუფში“ შედიოდა. საქმეების შესწავლამ აჩვენა, რომ ამ საქმეებიდან 35 პროგრამის კრიტერიუმებს შეესაბამება, 7 შემთხვევაში კი დარღვევა დაფიქსირდა. როგორც გაირკვა, ამ შემთხვევებში, მოქალაქეობის მიმღებმა პირებმა ან ყალბი საბაბი წარადგინეს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაფარეს.