გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, მიმდინარე წელს აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია და მომდევნო წლებშიც ამ მიმართულებით უკეთესი შედეგი იქნება.
„მიმდინარე წელს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი გაზრდილია, ასევე მიმდინარე წელს იმპორტი შემცირებულია. შესაბამისად, 2020 წელს ჩვენი აგროსასურსათო სექტორის სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებულია. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ეს მოვახერხეთ და ყოველ წელს ჩვენ გვექნება მზარდი ექსპორტი და გაუმჯობესებული ბალანსი. ეს არ არის ერთი დღის მუშაობის ან გუშინდელი გადაწყვეტილებების შედეგი, არამედ ეს არის მრავალწლიანი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით გვაქვს. როგორც რამდენიმე წლის წინ ვსაუბრობდით, როდესაც ჩვენ ვხარჯავთ ფულს, ვახორციელებთ ინვესტიციას სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, ეს არ არის მოკლევადიანი.ზუსტად ამას ვგულისხმობდით, რომ ყოველ წელს უკეთესი შედეგი გვექნება",-აცხადებს დავითაშვილი.