ლევან დავითაშვილი - შაქრის ფასს სეზონურობა აქვს - აგვისტოსა და სექტემბერში ოდნავ იმატებს ხოლმე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შაქარზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით სპეკულაციები უადგილოა.

როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, "აგარის შაქარი“ სახელმწიფოს არ დაუსუბსიდირებია.

"სახელმწიფოს არ დაუსუბდიდირებია, იყო შეღავათიანი პირობები, ტარიფები, კონკრეტულად სარკინიგზო გადაზიდვებზე. კომპანიასთან იყო შეთანხმება და ამ კუთხით სახელმწიფო დაეხმარა, მაგრამ თქვენ დაინახეთ, რომ კოვიდ-19-ის პირობებში მთელმა მსოფლიომ არაორდინალური გადაწყვეტილებები მიიღო, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა სასურსათო პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვას და ამ პირობებში აქტუალური გახდა ადგილობრივი წარმოების, ადგილობრივი მარაგების არსებობა. ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანამ მიიღო, აბსოლუტურად ადეკვატური იყო. ამიტომ, სახელმწიფო ბიუჯეტის ფული ამ ნაწილში არ დახარჯულა, "აგარის შაქარს" ეს პრეფერენცია არანაირად არ მიუღია. ფასები თავისუფალ რეჟიმში ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყანაში. არავის დაუდგენია, არც შეუზღუდავს და ამ შემთხვევაში, არ დაუსუბსიდირებია. რიდესაც გვქონდა გარკვეული პროდუქტების დაფინანსების პროგრამა, ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც რეგიონში ზუსტად შემზღუდავი მექანიზმები იყო იმისთვის, რომ მოსახლეობა სპეკულაციური ფასებისგამ დაგვეცვა და დეფიციტი თავიდან აგვერიდებინა. ზაფხულის პერიოდში შაქართან დაკავშირებით ფასი ყველაზე დაბალი იყო, თუმცა წინა წლებსაც რომ გადახედოთ, შაქრის ფასს თავისი სეზონურობა აქვს. სეზონი არის, როდესაც სეზონური ხილის გადამუშავება ხდება და ზამთრისთვის მომზადება, ამიტომ აგვისტოსა და სექტემბერში ოდნავ ფასები იმატებს ხოლმე. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ ვახდენთ ფასების მონიტორინგს.ზოგიერთ იმპორტულ პროდუქტზე შესაძლოა, ფასი ოდნავ გაზრდილი იყოს, თუმცა რეკორდულად მინიმალური ფასებია ქართული წარმოების ბოსტნეულზე, იგივე პომიდორი, კარტოფილი და ბევრი რამ. ასე, რომ ვფიქრობ, ფასებით სპეკულირება უადგილოა",-განაცხადა დავითაშვილმა.