IKEA-ს სპეციალური შეთავაზება - კომპანია მზადაა შეიძინოს ძველი ავეჯი და მას როგორც მეორადს ხელახლა გაყიდის

მსოფლიოში ავეჯის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია IKEA ერთგულ მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. ისინი მზად არიან შეიძინონ ავეჯი, რომელიც მომხმარებელს უკვე მობეზრდა და ისინი დაბალ ფასად ახლიდან გაყიდონ.

BBC-ის ინფორმაციით, პირები, რომლებიც საკუთარ ავეჯს კომპანიას მიჰყიდიან სპეციალურ ვაუჩერებს მიიღებენ. შემდეგ კი შესაძლებლობა ექნებათ ვაუჩერები IKEA-ს ნებისმიერ პროდუქტში გადაცვალონ.

იმ შემთხვევაში, თუ ავეჯი დაუზიანებელი იქნება, მომხმარებლები მისი ღირებულების 50%-ს მიიღებენ, მცირე დაზიანების შემთხვევაში 40%-ს, ხოლო დიდი ნაკაწრების ან დაზიანების შემთხვევაში 30%-ს.

კომპანია აღნიშნული აქციის ამოქმედებას 24 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით 27 ქვეყანაში გეგმავს, თუმცა საზოგადოების დაინტერესებისა და აქტიურობის შემთხვევაში, შეთავაზება გაგრძელდება.

შვედური კომპანია IKEA 1948 წელს დაარსდა და დღესდღეობით მსოფლიოში ავეჯის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიას 40 ქვეყანაში სულ 445 მაღაზია აქვს, უახლოეს მომავალში კი კიდევ 50-ის დამატებას გეგმავენ.

ბექა ბერიაშვილი