კორონავირუსის მართვაში ჩართული ექიმებისთვის ხელფასის 50%-იანი დანამატის გასაცემად ყოველთვიურად 3.1 მილიონი ლარი გამოიყოფა

კორონავირუსის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიცემა ბიუჯეტს ყოველთვიურად 3.1 მილიონი ლარი დაუჯდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, შესაბამისი დადგენილება მზადების პროცესშია და მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

„დადგენილება მზადდება და მალე გაეგზავნება მთავრობას დასამტკიცებლად. რაც შეეხება მთლიანი ანაზღაურების დამატებით თანხას, შეადგენს - 3.1 მილიონ ლარს თვეში”, - განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, ყველა ექიმი, რომელიც კორონავირუსის მართვის პროცესშია ჩართული, სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ექიმების გარდა, სახელფასო დანამატს სამედიცინო პერსონალის ყველა რგოლი მიიღებს.