მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციამ ოფიციალურად მისცა ევროკავშირს უფლება დააწესოს ამერიკიდან იმპორტირებულ წლიურად 4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები. ამის მიზეზი გახდა შტატების მხრიდან საავიაციო კომპანია Boeing Co-ს არაკანონიერი სუბსიდირების საკითხი.
გასულ წელს მსო-მ ასევე უფლება მისცა შტატებს ევროპიდან შტატებში იმპორტირებული 7,5 მილიარდი დოლარის პროდუქცია დაებეგრა, ევროკავშირის მხრიდან Airbus SE-ს არაკანონიერი სუბსიდირების გამო.
აშშ-სა და ევროკავშირს შორის დავა უკვე 15 წელია გრძელდება.
„მსო საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ ორივე მხარემ დაარღვია კანონი და უკანონო სუბსიდიები გამოიყენა, თუმცა ევროკავშირი ამას უფრო მეტად აკეთებდა, ვიდრე შტატები“ - ნათქვამია მსო-ს განცხადებაში.
მიუხედავად მსო-ს ოფიციალური ნებართვისა, ევროკავშირი სავარაუდოდ არ მიიღებს ამ ზომებს - ფიქრობენ ექსპერტები. მათი აზრით, ევროპა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს დაელოდება, რათა გაერკვეს, რამდენად არის შესაძლებელი ქვეყნებს შორის არსებული პრეტენზიების დარეგულირება მოლაპარაკებების გზით - წერს Bloomberg.
ამ მომენტისთვის შტატებში მოქმედებს 15%-იანი საბაჟო ტარიფები ევროპიდან იმპორტირებულ თვითმფრინავებზე, ასევე 25%-იანი ტარიფები სამომხმარებლო საქონლის ფართო სპექტრზე - დაწყებული რძის პროდუქტებიდან, ხილითა და ზეითუნის ზეთით დამთავრებული, ასევე იბეგრება გარკვეული მოწყობილობები და ტანისამოსი.