ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში შეზღუდვების დაწესების თაობაზე მსჯელობა გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, „ლოკალური შეზღუდვები კარგად მუშაობს“.
„ვიმსჯელეთ საბჭოზე ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით. ვინაიდან ასეთი შეზღუდვები კარგად მუშაობს, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. თუმცა მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
კითხვაზე, რა რაოდენობას უნდა მიაღწიოს თბილისში ინფიცირებულთა რაოდენობამ იმისთვის, რომ შეზუდვები დაწესდეს, მინისტრი ამბობს, რომ ეს გადამწყვეტი არაა.
„დაავადებულების რიცხვი არ იქნება გადამწყვეტი, ვინაიდან ვიხილავთ როგორც საწოლფონდს, ასევე ინფიცირებულების რაოდენობას და მძიმე პაციენტების რაოდენობას, ამასთან კოვიდსასტუმროების რაოდენობას და ამის ჯამური შედეგიდან გამომდინარე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდკვლევები კვლავ მიმდინარეობს და ინფიცირებულთა გამოვლენა ძირითადად სწორედ კონტაქტების მოძიებით ხდება.
„ეპიდკვლევები მიმდინარეობს 24-საათიანი რეჟიმით და ეს არ შემწყდარა და არც მომავალში შეწყდება. რა თქმა უნდა, გვაქვს გამოკვეთილი კლასტერები და საყურადღებოა ის, რომ ჩვენ ვახდენთ კოტაქტების იდენტიფიცირებას და ძირითადი გამოვლენა სწორედ კონტაქტებიდან გამომდინარე გვაქვს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.