დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პირბადის ტარების გარდა, თავი შეიკავონ დიდი თავშეყრის ადგილებისგან, მათ შორის მასშტაბური ქორწილებისგან და დღეობებისგან.
ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარება 50-დან 75%-მდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს, ამიტომ ის საზოგადოებას ურჩევს, ღია სივრცეშიც ატარონ პირბადე.
„გუშინ ახალი მონაცემები ამოვკრიფე ყველაზე მაღალრეიტინგული ჟურნალებიდან. დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალება პირბადე გახლავთ. მისი ტარება დღეს უკვე, როცა ინფიცირების სერიოზული მატება გვაქვს, აუცილებელია დახურულ შენობებშიც და ღია სივრცეებშიც, სადაც ვერ ვიცავთ 2 მეტრიან ან 1,5 მეტრიან დისტანციას. მაინც მოგიწოდებდით, რომ ღია სივრცეებში ამ ცივ პერიოდში უკვე, ყველამ ატარეთ პირბადე. ის 50-დან 75%-მდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. მედიას საზოგადოებაზე ზემოქმედების ძალიან დიდი ძალა გაქვთ, მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ ყველამ დავიცვათ ეს მარტივი წესი - პირბადის ტარება და ასევე მეორე წესი, ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან, ცოტა ხანი, ერთ წლამდე არ გვინდა დიდი ქორწილები, დიდი დღეობები, მოვა ამის დრო, მაგრამ ჯერ ეს პერიოდი გასავლელი გვაქვს. ყველა გავრცელების წყარო, რაც ბოლო 1,5 თვის განმავლობაში გვქონდა, ამ დიდი შეკრებებიდან იწყებოდა. არ მინდა ჩამოვთვალო, ყველას წყარო ცნობილია, საიდან და როგორ გავრცელდა ინფექცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ის მოარული აზრი, რომ არ არსებობს მსოფლიოში კორონა, რომ ის მოგონილია, რომ გრიპივით არის და მალე გაივლის, არ არის სწორი“,-განაცხადა გამყრელიძემ.