აზარტული თამაშების კანონპროექტის ჩაგდება ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო - ლევან გოგიჩაიშვილი

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ, კანონპროექტის ჩაგდება, პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემაში ,,პოლიტნიუსი“ განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრებსაც და უმრავლესობასაც ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ კანონპროქტისათვის მხარი დაეჭირათ, თუმცა ის კობახიძის დირექტივით ჩავარდა, ასეთ დირექტივებს კი ამ ქვეყანაში ივანიშვილის გარდა ვერავინ გასცემს. მოქმედი დეპუტატი, პრობლემის მასშტაბზეც საუბრობს.

,,რამდენჯერაც პრემიერები შედიოდნენ და გამოდიოდნენ ბიძინა ივანიშვილთან, იმდენჯერ მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომელი მუხლი უნდა ამომეღო კანონპროექტიდან. არ ამოვიღე არცერთი მუხლი და ისე გავიდა კენჭისყრაზე, რის შემდეგაც კობახიძემ მოუწოდა უმრავლესობას, რომ კანონპროექტი ჩაეგდოთ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კომპანიებმა, რომლებმაც იყიდეს ევროპაბეთი, აჭარაბეთი და ა.შ ობშორული კომპანებიდან, ესენი სინამდვილეში არ არიან უცხოელები და კავშირში არიან მმართველ გუნდთან და პირადად ბატონ ივანიშვილთან. სხვა ლოგიკა უბრალოდ არ არსებობს.

ერთი რამ ნამდვილად ვიცი, კვირიკაშვილს უნდოდა ამ კანონის მიღება, ბახტაძესაც და მზად იყო უმრავლესობაც მხარი დაეჭირათ, მაგრამ კანონპროექტი ჩავარდა კობახიძის დირექტივით, რასაც ივანიშვილის გარდა ვერავინ გასცემს ამ ქვეყნაში. ჩვენ გვქონდა შანსი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში აღარ ყოფილიყო აზარტული თამაშების გარე რეკლამა და მომხდარიყო სერიოზული რეგულირება. ყველა მოთამაშე ყოფილიყო იდენტიფიცირებული და შექმნილიყო მათი ბაზა, პერსონალური მონაცმემების სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ბრუნვა აქვთ აზარტული თამაშების კომპანიებს, თუ ფისკალურად შევაფასებთ საგადასახადო ეფექტს ძალიან დაბალია გადასახადი მათთვის. პლიუს, ბევრია გვერდითი ეფექტი, ეს არის ჩვენი ეკონომიკის მტერი, საიდანაც მარტივად ხდება ფულის გათეთრება. 35% დაახლოებით არის ჩრდილოვანი ეკონომიკა ამ სექტორში და ეს არის კრიმინალური სფერო. ამ თემასთან მიმართებით, განწყობები უმძიმესია საზოგადოებაშიც.

სამწუხაროა ისიც, რომ სათამაშო ასაკი მერყეობს 13 წლიდან საპენდიო ასაკამდე და 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნაში თამაშობდა ნახევარი მლნ ადამიანი“-თქვა გოგიჩაიშვილმა ,,პოლიტნიუსში“

თამარ მუკბანიანი