„სოთბის“ აუქციონზე გასაყიდად უიშვიათეს, ღია იისფერ ბრილიანტს გამოიტანენ, რომლის სავარაუდო ფასიც 38 მილიონი დოლარია. ალმასი, რომლისგანაც ოვალური ბრილიანტი გამოთალეს, რუსეთშია მოპოვებული და მას რუსული ბალეტის სახელი, „ვარდის სული“ უწოდეს.
ეს ამ ფერის ძალიან იშვიათი და ყველაზე დიდი ბრილიანტია მათ შორის, რომლებიც კი ოდესმე აუქციონებზე გაყიდულა. აუქციონი, რომელზეც მას გასაყიდად გამოიტანენ, 11 ნოემბერს ჩატარდება.
ფერად ძვირფას ქვებზე ბოლო წლებში მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და მათ ყველაზე მდიდარი ადამიანები საინვესტიციო საშუალებად იყენებენ.
ამ ფერის ალმასი, ნებისმიერი ზომით უიშვიათესია მთელ მსოფლიოში. აღნიშნული ალმასი რუსულმა კომპანია „ალროსამ“ მოიპოვა და მისგან 14.83-კარატიანი „ვარდის სული“ დაამზადა, რომელიც ამ ფერის ბრილიანტებს შორის ყველაზე დიდია.
„იისფერი ალმასები სამყაროში ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვება. ამასთან, იისფერი ალმასების მხოლოდ ერთი პროცენტია 10 კარატზე დიდი“, - ამბობს „სოთბის“ საიუველირო დივიზიონის თავმჯდომარე გერი შულერი.
ამ ტიპის ალმასებს იისფერ შეფერილობას მათი გამორჩეული სტრუქტურა აძლევს, რომელიც შუქს იმგვარად ირეკლავს, რომ იისფერი ჩანს. იშვიათობის გამო, იისფერი ალმასები/ბრილიანტები კოლექციონერებს შორის განსაკუთრებულად ფასობს.
აუქციონი, რომელზეც ბრილიანტს გამოიტანენ, ჟენევაში გაიმართება, მანამდე კი მას ჰონ კონგში, სინგაპურსა და ტაიპეიში გამოფენენ.