„თითქმის ყველა კომპანიაში ირღვევა შრომითი უფლებები, რადგან ზედამხედველი არ არსებობს“

„თითქმის ყველა კომპანიაში ირღვევა შრომითი უფლებები, რადგან ზედამხედველი არ არსებობს,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„აუცილებელია, შრომის ინსპექცია დაკომპლექტეს უფრო მეტი თანამშრომლით. დღეს დაახლოებით, 45 თანამშრომლამდეა დასაქმებული. მათი რაოდენობა თუ არ გაიზარდა, შრომის ინსპექცია უბრალოდ, ვერ გაწვდება იმ კომპანიების შემოწმებას, სადაც პოტენციურად ირღვევა შრომითი უფლებები. შრომითი უფლებები კი თითქმის ყველა კომპანიაში ირღვევა, რადგან ზედამხედველი არ არსებობს.

რაც შეეხება ბავშვთა შრომას, მე უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებდი არაფორმალურ დასაქმებაზე. არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ბავშვები არიან ისინი, ვინც მაგალითად, სანაპიროზე ყიდიან რამეს. გამოდის, რომ ბავშვთა უფლებები მხოლოდ ქაღალდზე გვაქვს გაწერილი და ამ ყველაფერს მხოლოდ ევროკავშირისთვის ვაკეთებთ, რადგან გვაქვს ვალდებულებები, რომელსაც დავიტანთ ხოლმე ქაღალდზე და მერე ვითომ ეს რეგულაცია/დირექტივა შევასრულეთ. ანუ ჩვენთვის კი არ ვიღებთ ამ კანონებს, რაც სოციალურ პოლიტიკას ეხება, ვიღებთ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც თავზე ხელი უნდა გადაგვისვან,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

თაია არდოტელი