"აჭარა ტექსტილი" დროებით მუშაობას აჩერებს

"აჭარა ტექსტილი" ფოთში დროებით მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა. ამის მიზეზი კომპანიის თანამშრომლების კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.

"მუშაობის შეჩერება ჩვენ გუშინვე გვქონდა გადაწყვეტილი, როდესაც რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახლა ეპიდომიოლოგები ისევ მუშაობენ ჩვენთან, ყველა პასუხი ჯერ კიდევ არ არის მოსული. ამიტომ, ზუსტ რაოდენობას ვერ გიდასტურებთ. რაც შეეხება სამუშაო პროცესის შეჩერების ხანგრძლივობას, სავარაუდოდ, ერთი კვირით დავიხურებით",-განაცხადა გია ლომინაძემ.

ცნობისთვის, როგორც „ინტერპრესნიუსს" ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ განუცხადა, "აჭარა ტექსტილის" ფაბრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 116- მდე გაიზარდა.

„გუშინ ლაბორატორიაში გაიგზავნა „აჭარა ტექსტილის" 417 თანამშრომლის ნიმუში. ეტაპობრივად ხდება პასუხების მიღება. 116 პირს დაუდგინდა „კოვიდ 19". „აჭარა ტექსტილმა" მუშაობა უკვე შეაჩერა. ფაბრიკაში 1300-მდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 350 ადგილობრივია“, - განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

ნინი ქეთელაური