რა ღირს მშენებარე ბინები თბილისის სხვადასხვა უბანში

დედაქალაქში მშენებარე კორპუსებში ბინების ფასი მცირედით გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, თბილისში ბინების ღირებულებამ საშუალოდ 10-დან 60 დოლარით მოიმატა. ზრდა შეეხო, როგორც ცენტრალურ უბნებს, ასევე პერიფერიებს. რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, აქ ზოგიერთ უბანში შემცირებაც კი ფიქსირდება.

მონაცემები შედგენილია ერთი კვადრატული მეტრის ღირებულების მიხედვით.

SS.ge-ს სტატისკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საბურთალოზე ბინის კვადრატული ფასი 971.2 -დან 1037 დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება სხვა უბნებს, ვაკეში ბინის ფასი 1198.16-დან 1224 დოლარამდე ავიდა. გლდანში - 606.82-დან 608.78 დოლარამდე, ვარკეთილში - 593.74-დან 658.78 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო დიდ დიღომში 682.26-დან 708.21 დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება მოთხოვნად უბნებს, SS.ge-ს სტატისკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის აგვიტო-სექტემბერში საბურთალოზე ბინის ყიდვით 69,801 ადამიანი იყო დაინტერესებული, მას მოსდევს დიდი დიღომი 49,042 დაინტერესებული პირით, შემდეგ მოდის გლდანი, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში 42,766 ყიდვის მსურველი ათვალიერებდა, ვარკეთილში - 26,293, ხოლო ხუთეულიდან ყველაზე ცოტა 21,474 მსურველი ვაკეში დაფიქსირდა.

2020 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ასევე გაიზარდა გასაყიდი ბინების რაოდენობაც, ზოგიერთ უბანში გაორმაგდა კიდეც. გასაყიდი ბინების გაორმაგება იმას ნიშნავს, რომ ბინების გაყიდვა აგვისტოში შემცირებული იყო. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, როგორც წესი ზაფხულში ბინების გაყიდვა მცირდება, შესაბამისად, შემოდგომიდან საიტზე უფრო მეტი გასაყიდი ბინა იდება.

გასაყიდი ბინების რაოდენობა 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში:

  • საბურთალო: 2042 - 3510
  • ვაკე: 541 - 1033
  • გლდანი: 752 - 892
  • ვარკეთილი: 498 - 679
  • დიდი დიღომი: 766 - 1042

2019 წლის აგვისტო-სექტემბერშიც დაახლოებით იგივე ტენდენცია ფიქსირდებოდა:

  • საბურთალო: 1432 - 1936
  • ვაკე: 291 - 446
  • გლდანი: 735 - 733
  • ვარკეთილი: 582 - 497
  • დიდი დიღომი: 536 - 484

ლიკა ამირაშვილი