„ტესლა მოდელ 3“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილია

„ტესლამ“ ელექტრომობილ „მოდელ 3-ის“ წარმოება 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, მიმდინარე წლის მარტში კი უკვე 500 000-ზე მეტი ეგზემპლარი ჰქონდა გაყიდული. ეს კი ნიშნავს, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია. და როგორც „გუგლ სერჩის“ მონაცემები მოწმობს, ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის სტატუსსაც ფლობს.

ბრიტანულმა კომპანია „ნეიშენუაიდ ვიიქლ კონტრაქტსის“ მიერ ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ ყოველთვიურად „ტესლა მოდელ 3-ს“ მთელს მსოფლიოში „გუგლ სერჩის“ მეშვეობით 1 852 356 მომხმარებელი ეძებს. კომპანიამ 126 მწარმოებლის 74 ელექტრომობილის და 72 ჰიბრიდული და დასამუხტი ჰიბრიდული ავტომობილის მონცემები შეისწავლა.

„ნისანის“ კომპაქტურ ჰეჩბეკ „ლიფის“ შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად 565 689 ადამიანი ეძებს, „ტესლას“ ელექტრომობილებით, „მოდელ X-ით“ და „მოდელ S-ით“ კი შესაბამისად, 553 999 და 524 479 მომხმარებელი ინტერესდება. „ნეიშენუაიდ ვიიქლ კონტრაქტსის“ მონაცემებით, მომდევნო ადგილებზე არიან: BMW i3, რენო ზოი, აუდი e-ტრონი, რენო ტვიზი, იაგუარ I-პეისი და ჰიუნდაი კონა.

ჰიბრიდულ და დასამუხტ ჰიბრიდულ (PHEV) ავტომობილებს შორის, ყველაზე პოპულარულია „ტოიოტა პრიუსი“, რომელსაც თვეში საშუალოდ 353 755 ადამიანი ეძებს. მეორე და მესამე შედგები აქვს „ჰიუნდაი იონიკს“ და „მიცუბიში აუტლანდერ PHEV-ს“. ათეულში ასევე შევიდნენ (რიგის შესაბამისად): BMW 330e და 530e, აუდი A3 e-ტრონი, კია ნირო PHEV, ვოლვო XC90 რეჩეირჯ T8, პორშე კაიენ PHEV და კია ოპტიმას დასამუხტ ჰიბრიდული ვერსია.

ელექტრულ/ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილებს შორის, პირველია BMW i8, რომელსაც თვეში 828 154 მომხმარებელი ეძებს. სამწუხაროდ, გერმანული კომპანია ამ სპორტული ავტომობილის (რომლის PHEV ძალურ დანადგარშიც სამცილინდრიანი შიდაწვის ძრავი შედის) წარმოების შეწყვეტას გეგმავს და არც მის შემცვლელს გამოუშვებს. ამ კატეგორიაში მომდევნო ადგილები უკავია: ტესლა როდსტერს, მაკლარენ P1-ს, ჰონდა NSX-ს, ასტონ მარტინ ვალკირიას, ფერარი ლაფერარის, ლამბორგინი სიანს, პორშე 918 სპაიდერს, ლოტუს ევიას და მაკლარენ სპიდტეილს.

„ნეიშენუაიდ ვიიქლ კონტრაქტსის“ კვლევის შესაბამისად, ელექტრომობილების უდიდესი ბაზრის სტატუსი, ჩინეთს ევროპამ (კონტინენტმა) ჩამოართვა, სადაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 414 000 ელექტრომობილი გაიყიდა. ჩინეთმა 385 000 გაყიდული ელექტრომობილით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ადგილზე შეერთებული შტატებია, სადაც 111 000 ელექტრომობილია გაყიდული.