2019 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 1 958 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5 507,1 მლნ. ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან უდიდესი ნაწილი (76,0 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 9,7 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 14,3 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 1 889,6 მლნ. ლარი ნაღდი ფულის სახით. 2019 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2 017,9 მლნ. ლარი შეადგინა.
„2019 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 37,6 ათას კაცს, რომელთაგან 60,6 პროცენტი ქალი იყო.
2019 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 571,4 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 38,2 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 14,8 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 9,1 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 7,7 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 1,6 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28,6 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
2019 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 522 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 48,6 პროცენტი ქონების დაზღვევაზე მოდის, 36,3 პროცენტი - სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე, 2,8 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 2,3 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0,1 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (9,9 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.