„დღემდე დახურულია რესტორნების ალბათ, 70% და ეს გამოიწვევს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ობიექტი გადაატრილებს გასაღებს და იტყვის, გავკოტრდი“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.
აღნიშნულით ის ბიზნესისთვის დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა, რომელსაც დღეს კიდევ ერთი დაემატა. კერძოდ, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისსა და იმერეთში რესტორნები მუშაობას მხოლოდ 22:00 საათამდე შეძლებენ. ამის მიზეზი კი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
„რაღაც გაურკვეველია, 22 საათამდე არ არის გადამდები ვირუსი და 22 საათის მერე ხდება გადამდები?! მე ვფიქრობ, ლოგიკას მოკლებულია. ეს ბათუმშიც რომ მიიღეს, მაშინაც ცოტა ირონიულ საუბრებს იწვევდა. ხალხი 7-8 საათზე, სამსახურის მერე მიდის რესტორანში და ეტყობა, სამსახურის მერე ვირუსი არ არის გადამდები და 10-ის მერე ხდება გარკვეული აგრესიის გამოვლინება ვირუსის მხრიდან. დაკვირვებებს აწარმოებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სექტორთან მთავრობის მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს. ჩვენ რომ შეგვიზღუდეს სამუშაო საათები, ნეტა ბანკი ამის გამო შეგვიმცირებს რაღაც ვალდებულებებს?! რა საკვირველია, არა. მეიჯარე შეგვიმცირებს გადასახადს? რა თქმა უნდა, არა და ეს ვისზე უნდა გადატყდეს?! უნდა გადატყდეს ისევ ბიზნესზე, რომელიც რისკავს და ცდილობს, რაღაცნაირად სიცოცხლისუნარიანობა გამოიჩინოს, მიუხედავად ყველაფრისა. დღემდე დახურულია რესტორნების ალბათ, 70% და ეს გამოიწვევს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ობიექტი გადაატრილებს გასაღებს და იტყვის, გავკოტრდი. ვერაფრით ვერ გადაიხდის ბანკის ვალდებულებებს, ვერ გადაიხდის სახელმწიფო გადასახადებს, უამრავი უმუშევარი დაემატება, ასობით ათას უმუშევარს“,-განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.