ტროტუარზე პარკირების ჯარიმა 10 ლარიდან 70 ლარამდე უნდა გაიზარდოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს. მათივე განცხადებით, რეგულაციის აღსრულების მექანიზმი და ჯარიმის ადმინისტრირება უფრო თანმიმდევრული და ეფექტური უნდა გახდეს.
„როდესაც კანონმდებელი ხარ, ტროტუარზე პარკირებას ბოდიშით კი არ უნდა უშველო, არამედ ქმედითი საკანონმდებლო ნაბიჯებით. “ლელო” პასუხისმგებლობას გრძნობს ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო და კომფორტულ გარემოზე და ამიტომაც გამოვდივართ ინიციატივით, რომ ტროტუარზე პარკირების ჯარიმა 10 ლარიდან გაიზარდოს 70 ლარამდე. გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს ამ რეგულაციის აღსრულების მექანიზმი და ჯარიმის ადმინისტრირება უფრო თანმიმდევრული და ეფექტური უნდა გახდეს. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეითებმა, შშმ პირებმა და საბავშვო ეტლით აღჭურვილმა მშობლებმა ღირსეულად და უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ საქართველოს ქუჩებში. “ლელოს” სახელით, თბილისის ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პირობას ვდებთ, რომ ვიზრუნებთ ამ პრობლემის მოგვარებაზე და ვთავაზობთ თბილისის საარჩევნო ოლქების სხვა მაჟორიტარ კანდიდატებს, რომ ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.