საშემოსავლო გადასახადის 1 წლით გადავადება და სექტორისათვის დაუბეგრავი მინიმუმის 1 500 ლარამდე ზრდა - ეს მოთხოვნები აქვს საქმიანი ტურიზმის ასოციაციას ხელისუფლებასთან, რათა კადრების და სექტორის შენარჩუნება შეძლოს.
მოთხოვნებსა და პრობლემებზე, ,,საქმიანი ტურიზმის ასოციაციის“ (MICE ტურიზმი) თავმჯდომარე, ირმა კოდუამ რადიო „პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში, ,,საქმე“ ისაუბრა.
,,დღეს ტურიზმის სექტორში ძალიან რთული მდგომარეობაა. ვფიქრობ, რომ არსებულ სიტუაციაში ქმედითი მოლაპარაკების და გადაწყვეტილებების მიღების ფორმატი იქნება უფრო მართებული. ყველას გვესმის, რომ დღეს საჰაერო სივრცე რომც გაიხსნას, რაც საპროტესტო აქციებზე ძირითადი მოთხოვნაა, ჩვენ მაინც არ გვეყოლება ვიზიტორების ის ოდენობა, რომელიც შეძლებს ჩვენი ეკონომიკური პრობლემების გამოსწორებას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ ტურიზმის საქმიანი ადმინისტრაცია არ ვემხრობით კომუნიკაციის ფორმას აქციებით და ვთვლით, რომ ეს არაკონსტრუქციულია.
ამ ეტაპამდე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა არ შემდგარა. ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა უახლოეს მომავალში მაინც შედგება. ამ მიზნით, არაერთი წერილი გავაგზავნეთ მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც, ჩვენ ვთხოვთ, გარკვეულ შეღავათებს“ - განაცხადა ირმა კოდუამ.
კითხვაზე, თუ რა სჭირდება სექტორს გადარჩენისთვის, კოდუა პასუხობს, რომ სექტორზე მორგებული შეღავათები, რადგან სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ზოგადად ტურიზმის აღდგენა დაიწყება აპრილიდან, მათი სეგმენტი, მხოლოდ შემოდგომიდან დაიწყებს გამოცოცხლებას.
,,ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სექტორის შენარჩუნებისათვის საშემოსავლო გადასახადის გადახდის გადავადება მინიმუმ 1 წლით. ჩვენ უკვე ერთ თვეში გვიწევს გადასახადების გადახდა, რისთვისაც სექტორი არ არის მზად. 8 თვის სრულად უშემოსავლობის პირობებში ძალიან რთულია ფულადი სახსრების გენერირება. ეს საჭიროა კადრების შესანარჩუნებლადაც, რომელთა დასაქმების საკითხი დღეს ეჭვქვეშ დგას. ჩვენი შემდეგი მოთხოვნაა, ჩვენი ინდუსტრიისთვის ცალკე განისაზღვროს დაუბეგრავი მინიმუმი, 1500 ლარით, რადგან ჩვენს სექტორში საშუალო ხელფასი გაცილებით მაღალია.
ჩვენ გვჭირდება დრო, რომ მოვემზადოთ პანდემიის დასრულების შემდეგ, ტურისტების მისაღებად და ამისათვის გვჭირდება რესურსი. დადებითი და პოზიტიური ნიშნების შემთხვევაში ტურიზმი დაიწყებს გამოცოცხლებას მომავალი წლის გაზაფხულისათვის, მაგრამ ეს არ შეეხება საქმიან ტურიზმს, რადგან ეს სეგმენტი, კიდევ უფრო გვიან იღებს გადაწყვეტილებებს. ამ ინდუსტრიის პირველ იმპულსებს ალბათ, 1 წელში, შემოდგომიდან დავინახავთ. “- განაცხადა კოდუამ ,,საქმეში“.