თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ტყეების მდგომარეობა კატასტროფულად მძიმეა და განხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც 700 ჰა ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
როგორც კალაძემ თბილისის ურბანული ტყის შექმნის კვლევითი ნაწილის პრეზენტაციაზე აღნიშნა, მთაწმინდისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე, გათვალისწინებულია როგორც ტურისტული, ასევე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
„ეკოლოგიური მდგომარეობა ბევრი კომპონენტისგან შედგება. დღეს ვისაუბრეთ დედაქალაქში არსებული ტყეების მდგომარეობაზე, რომელიც არის კატასტროფულად მძიმე, მთაწმინდის ფერდობი, მიმდებარე ტერიტორიები, არსებული ხე-ნარგავები, კონკრეტულად ფიჭვები, რომლებიც არის დაზიანებული და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქალაქისთვის. მომდევნო წლებში განხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოები განხორციელდება. ეს ტერიტორია მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტის ფარგლებში მოხდება მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახეული საფარის განაშენიანება და რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან კალაძემ აღნიშნა, რომ გასულ წლებში მშენებლობები რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა და დღეს მსგავსი რამ აღარ მოხდება.
„ეკოლოგიური მდგომარეობის საკითხი პრობლემურია ჩვენი ქალაქისთვის და რა თქმა უნდა, ეს პრობლემა გვაწუხებს ყველას. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ეს პრობლემა იმიტომ, რომ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ჯანმრთელობასთან. ჩვენ რეკრეაციული სივრცეების მიმართულებით ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, ეს იყო სკვერები, პარკები, მათი განახლება, რეაბილიტაცია, დაგეგმილი გვაქვს ახალი საქალაქთაშორისო პარკების მშენებლობა და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ეკოლოგიის გაუმჯობესებაში, მოწესრიგებაში. ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ვფიქრობ, ქალაქში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონდეს. ჩვენ ვთქვით არა - პარკების, სკვერების, სპორტული მოედნების ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს მშენებლობები. მშენებლობები ურბანული თვალსაზრისით სწორად უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.