ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ოქტომბრის ბოლომდე რეგულარული ფრენების სიხშირე გაიზრდება, ხოლო ნოემბრიდან დაემატება ახალი მიმართულებები, როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტიდან. როგორც ნათია თურნავა ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნოემბრიდან უკვე დაბალბიუჯეტიანი კომპანიებიც იფრენენ.
„ფრენებთან მიმართებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც აბსოლუტურად სინერგიაშია ადაპტაციის პოლიტიკასთან, რომ ოქტომბრის ბოლომდე გავზარდოთ, არსებული რეგულარული ფრენების სიხშირე ევროპის მიმართულებით. ეს ძალიან დაგვეხმარება მათ შორის ორგანიზებულად საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის უზრუნველყოფაში ჩვენი არჩევნებისთვის. ნოემბრიდან ფრენების რაოდენობის და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნა მოხდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
დღეს კონკრეტულ მიმართულებებს არ დავასახელებ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ პროექტი მთავრობის გადაწყვეტილების უკვე მომზადებული გვაქვს, მაგრამ მთავრობის პრეროგატივაა, უნდა იმსჯელოს და უახლოეს დღეებში აისახება ეს საჯარო გადაწყვეტილებაში თუ რა მიმართულებები გაიხსნება სხვადასხვა ავიაკომპანიებისთვის. ეს იქნება ევროპული მიმართულებები, ასევე გეტყვით, რომ ეს იქნება ფრენები როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დაბალბიუჯეტიანი კომპანიებიც იფრენენ უფრო აქტიურად,“- განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ყველა შემომსვლელს ექნება ვალდებულება, რომ PCR ტესტის ლაბორატორიული შედეგები წარმოადგინოს, თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის ალტერნატის შესაძლებლობაც ექნებათ.