საქართველოში ამერიკული IT-კომპანია EPAM-ი შემოდის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კომპანია საქართველოში თავისი ბიზნესის რელოკაციას ახდენს, უკვე ჩამოიყვანა 30-მდე თანამშრომელი და საქართველოში თავისი ოფისის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
პროგრამული უზრუნველყოფის საინჟინრო მომსახურების გლობალური კომპანია EPAM-ი 1993 წელს მინსკში, ორმა თანაკლასელმა არკადი დობკინმა და ლეო ლოზნერმა დააფუძნა. პირველი ოფისი მათ ამერიკასა და ბელარუსში გახსნეს. მოგვიანებით ამ სიას შეემატა როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნები.
ამ დროისთვის EPAM-ის შტაბ-ბინა პენსილვანიის შტატში, ნიუთაუნში მდებარეობს. კომპანიას ფილიალები დედამიწის 4 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს. დღესდღეობით კომპანიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 36,700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
EPAM-მა აქციების პირველადი განთავსება (IPO) ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 2012 წლის 8 თებერვალს განახორციელა, რომელიც ანალიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც წარუმატებელი. განთავსების დროს, 6 მილიონი აქცია 72 მილიონ დოლარად გაიყიდა, ანუ 12 დოლარად თითო აქცია. არადა, განთავსებამდე EPAM-ი ვარაუდობდა, რომ ერთი აქციის ფასი 16-18 დოლარი იქნებოდა.
იმ დროისთვის კომპანიის ღირებულება 488 მილიონ დოლარს შეადგენდა. სულ რაღაც 2 წლის შემდეგ, 2014 წლის ივნისში, კომპანიის კაპიტალიზაცია ოთხჯერ - 2.14 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, დღეისათვის კი EPAM– ის კაპიტალიზაცია 19,37 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთი აქციის ღირებულება კი 347 დოლარია.
კომპანიის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არის არკადი დობკინი.