პანდემიის დროს სიგარეტის მოხმარება გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა ადამიანების დიდი ნაწილი სახლიდან მუშაობაზე გადავიდა, სიგარეტზე მოთხოვნილება გაიზარდა. კომპანია „იმპერიალ ბრენდსის“ (ყოფილი იმპერიალ ტობაკო) აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ სახლში ადამიანებს სიგარეტის უფრო ხშირად მოწევის შესაძლებლობა აქვთ, სამსახურში კი ამ მხრივ, შეზღუდულები არიან.

კომპანიამ, რომელიც ისეთ ცნობილ მარკის სიგარეტებს აწარმოებს, როგორებიცაა „გოლუაზი“ და „ვესტი“, წლიური შემოსავლების პროგნოზები გაზარდა. ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ადამიანებმა თამბაქოს ნაწარმში მეტი ფულის ხარჯვა იმის გამოც დაიწყეს, რომ მათ თანხები ისეთი აქტივობების შეზღუდვის გამო დაზოგეს, როგორებიცაა მოგზაურობა და არდადეგები. მთავარი ფაქტორი კი სახლიდან მუშაობაა.

პარალელურად, შემოსავლები გაეზარდათ ონლაინ თამაშების კომპანიებს, როგორებიცაა ბრიტანული „ლედბროკსი“ და ავსტრიული „ბვინი“. ამ შემთხვევაშიც, მიზეზი მსგავსია - სახლში ყოფნისას, ადამიანები გასართობად სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ ონლაინ თამაშებს, რაც მათ პანდემიით გამოწვეული სტრესის განეიტრალებაში ეხმარება.

თამბაქოს ნაწარმის გაყიდვების ზრდის ფონზე, 30 პროცენტით არის დაკლებული ეგრეთ წოდებული „მომდევნო თაობის პროდუქტების“, მათ შორის ელექტრონული სიგარეტების გაყიდვები. შესაბამისად, „იმპერიალ ბრენდსი“ ამ ტიპის პროდუქტების წარმოების განვითარებაში ინვესტიციებს შეამცირებს.