ლევან დავითაშვილი - „ფონდი ქართუ“ ჩვენი მუდმივი პარტნიორი და მხარდამჭერია ძალიან ბევრ კარგ საქმეში

ჩვენი მიზანია, შევქმნათ შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსახლეობას აქტიური ცხოვრებისა და რეკრეაციის საშუალებას მისცემს , - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთაწმინდის პარკში, ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროექტი ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მისივე განცხადებით, პროექტი პირდაპირ თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც მთავრობას გარემოსდაცვითი მიმართულებით, კერძოდ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით აქვს.

„ეს არის მულტიდისციპლინური პროექტი, რომელიც ურბანულ გარემოს თვისობრივად განაახლებს, ხარისხობრივად შეცვლის და გააუმჯობესებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსახლეობას აქტიური ცხოვრებისა და რეკრეაციის საშუალებას მისცემს. ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინირებული მუშაობის კარგი მაგალითია. პროექტის განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის და „ფონდი ქართუს“ უპრეცედენტო დახმარება. ეს არის მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. „ფონდი ქართუ“ ჩვენი მუდმივი პარტნიორი და მხარდამჭერია ძალიან ბევრ კარგ საქმეში, რაც არა მხოლოდ ზოგადი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას უკავშირდება, არამედ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც. დაცულ ტერიტორიებზე ძალიან ბევრი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა სწორედ „ფონდი ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.