ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 2020 წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის 19 ოქტომბრიდან პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არადისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით.
„უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.
უმაღლესი სასწავლებლები პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას სტუდენტებს თავად მიაწვდიან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.
გორში, თელავსა და ახალციხეში მოქმედი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებები სწავლას ჩვეულ რეჟიმში, არადისტინციურად აგრძელებენ.
სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით, ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის დამატებით გახდება ცნობილი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.