„ჩვენი გაკოტრება დომინოს პრინციპით გამოიწვევს ჩვენთან დაკავშირებული ყველა ბიზნესის გაკოტრებას და ჯამში, ამით სახელმწიფო იზარალებს“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.
აღნიშნულით ის ბიზნესისთვის დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა, რომელსაც ახლა კიდევ ერთი დაემატა. კერძოდ, როგორც ცნობილია, თბილისსა და იმერეთში რესტორნები მუშაობას მხოლოდ 22:00 საათამდე შეძლებენ. ამის მიზეზი კი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კოტე გაბრიჩიძემ ის ძირითადი მოთხოვნები გააჟღერა, რომელიც სარესტორნო ბიზნესს გადარჩენისთვის ესაჭიროება.
„მარტიდან ჩვენ ვცდილობთ, რომ მთავრობას მივაწოდოთ ის ლოგიკური ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა არაერთი განვითარებული, თუ განუვითარებელი ქვეყნის მთავრობების მხრიდან. დახმარება სტუმარ-მასპინძლობით ბიზნესისთვის, ეს არის როგორც სასტუმროები, ისე რესტორნები. არის გარკვეული დახმარებები, პრეფერენციები დღგ-ს გადახდაში, არის უამრავი სხვადასხვა გზა. მთავრობა ცდილობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი დარგი შეინარჩუნოს.
არანაირი შეღავათები, გარდა ბანკების მხრიდან გამოჩენილი კეთილი ნებისა ( 6-თვიანი გადავადების), ჩვენ სექტორს არ მიუღია. საშემოსავლო გადასახადზე შემცირება რა თქმა უნდა, რაღაცას ნიშნავდა, მაგრამ როდესაც დარგი უმუშევარია, საშემოსავლოს შეღავათი არავის აღარ აინტერესებს.
დღგ-ს ყველა იხდის. ახლა ბანკებმა ამ 6 თვის გასვლის შემდეგ, უკვე დაიწყეს ვალების ამოღების და ხელების ამოტრიალების პროცედურა. მაგალითად, 28-ათასიანი კრედიტის რესტრუქტურიზაციაზე მოვაწერეთ ხელი და გადასახდელი გვაქვს 32 ათასი. ისედაც ძლივს რომ დგას ფეხზე ბიზნესი, ზედმეტი გადასახადი მისი სიკეთისთვის არის?! რა თქმა უნდა, დამღუპველია. ის რომ, ბიზნესი წამგებიანია და დღგ მაინც გადასახდელია, ის რომ, სახლიდან მოგაქვს დღეს ფული და კიდევ სახლიდან დღგ-ც მოსატანი გაქვს, ეს ხომ მთავრობამაც იცის?!
ჩვენი პირველი მოთხოვნა, რომელიც ფიქსირდება მარტიდან ჩვენს მიწერილ წერლებში, გინდა პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან და გინდაც, პარლამენტში, არის ის, რომ ამოსასუნთქად გვჭირდება მინიმუმ ერთი წელი დღგს-გან გათავსუფლება. ეს არის აუცილებლი პირობა, რომ დარგი საერთოდ გადარჩეს, ის კი არა, რომ მოგებაზე გავიდეს. მოგებაზე აღარავინ საუბრობს, გადარჩენაზეა საუბარი. ასევე, მინიმუმ ერთი წელი დასაწესებელია მორატორიუმი საბანკო კრედიტებზე (ოღონდ, ყოველგვარი პროცენტების მომატების გარეშე), რომ დარგი გადარჩეს. იმიტომ, რომ ჩვენი გაკოტრება დომინოს პრინციპით გამოიწვევს ჩვენთან დაკავშირებული ყველა ბიზნესის გაკოტრებას და ჯამში, ამით სახელმწიფო იზარალებს“,- განაცხადა კოტე ბაგრიჩიძემ.