ევროპაში ქვანახშირზე ფასი მაქსიმუმამდე გაიზარდა

ევროპაში ქვანახშირზე ფასმა წლის მაქსიმუმამდე მოიმატა, ამის მიზეზი კი ბუნებრივი აირის გაძვირება გახდა, რა დროსაც მომხმარებლებმა დაიწყეს უფრო იაფი საწვავის მოძიება.

ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში მისაწოდებელ ქვანახშირზე ფასი მაისში დაფიქსირებული მინიმუმიდან 50%-ით გაიზარდა და ტონაზე 55,77 დოლარი შეადგინა - წერს Argus Media.

ენერგეტიკულ ნახშირზე ასეთი მაღალი ფასი ბოლოს 2019 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. ამ დროისთვის ევროპაში ქვანახშირის ფასი ავსტრალიაში ფიქსირებულ ფასზე მაღალია.

არადა, კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას ქვანახშირზე ფასი დაეცა. მიუხედავად ამ ეტაპზე ფასისა და მოთხოვნის ზრდისა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ვარაუდობს, რომ მთლიანად მიმდინარე წელს ქვანახშირის მოხმარება 7%-ით შემცირდება. ამის მიზეზი კი ევროპული ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილებებია, რომლებიც სულ უფრო მეტად ამცირებენ ქვანახშირის გამოყენებას, ეკოლოგიური ვალდებულებებიდან გამომდინარე. თუმცა ფასების მატების ეს მაჩვენებელი, რომელიც ახლა ფიქსირდება ნათლად აჩვენებს, რომ მიუხედავად მოხმარების სისტემატიური შემცირებისა და ქვეყნების მხრიდან სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლისა, პერიოდულად ამ საწვავზე ფასები მოიმატებს, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

კოკა კვირკველია