რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული წარმოება? – ახალგაზრდა კვების ტექნოლოგის მიერ დანახული ინდუსტრია

„დამზადებულია საქართველოში“ – ამ წარწერით პროდუქცია მაღაზიის დახლებზე წლიდან წლამდე იზრდება და პარალელურად, მზარდია ტენდენიცია და მოწოდებებიც, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქცია და გავაძლიეროთ ქართული წარმოება.

პოპულარობისა და მოთხოვნის ზრდასთან ერთად იზრდება ქართული ნაწარმის ხარისხიც. სულ უფრო მეტი საწარმო გადის ISO თუ ხარისხის დამადასტურებელ სხვა სერტიფიცირებასაც. ამ ყველაფრის შედეგია ისიც, რომ უკანასკნელ წლებში მეტი ახალგაზრდა ინტერესდება კვების ტექნოლოგიებით და ამ მიმართულებით სწავლობს.

დღეს სწორედ ახალგაზრდა კვების ტექნოლოგს მარიამ გოგელიძეს გაგაცნობთ, რომელმაც აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა წარმატებით დაასრულა, ახლა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და პარალელურად, საქართველოს ერთ–-ერთ უმსხვილეს საწარმოში „ნიკორაში“ მუშაობს.

როგორ შეაფასებთ საქართველოში კვების ინდუსტრიას, რამდენად განვითარებულია და რა გამოწვევებს ხედავთ

საქართველოში კვების ინდუსტრია იმედისმომცემი ნაბიჯებით, დღითიდღე წინ მიიწევს. ამას ვაანალიზებთ მაშინ, როდესაც სუპერმარკეტების დახლებზე ახალ-ახალ პროდუქტს ვაწყდებით, საპატიო წარწერით - ‘’დამზადებულია საქართველოში’’. სოფლის მეურნეობის კუთხით დღეს უკვე არსებობს სახელმწიფო პროგრამები (‘’აწარმოე საქართველოში’’ და სხვა) და გრანტები, რომლებიც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი გახდა ქვეყნის კვების ინდუსტრიის განვითარებისთვის. ეს არსებული ტემპი თუ შენელდა, ვფიქრობ, დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით.

ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, განავითაროს კვების მრეწველობის ის მიმართულებები, რომლის უდიდესი პოტენციალიც არსებობს ქვეყნის შიგნით და ამის შედეგად აღარ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ ნედლეულსა თუ მზა სურსათზე. ამ ეტაპზე ქართული წარმოებების დიდი ნაწილი დამოკიდებულია იმპორტირებულ ნედლეულზე, რადგან მასშტაბური მწარმოებლებისთვის ხშირად დგას ქვეყნის შიგნით, ნედლეულის მუდმივი მომწოდებლის მოძიების პრობლემა. ეს პრობლემა არ იარსებებს, როცა სოფლის მეურნეობა, ქვეყანაში მყარად შეძლებს ფეხის მოკიდებას. ამ უკანასკნელის გარეშე კვების ინდუსტრიის განვითარება წარმოუდგენლად მიმაჩნია.

ახალგაზრდები რამდენად დაინტერესებული არიან კვების ინდუსტრიით, კვების ტექნოლოგიებით?

დღესდღეობით ცალსახად გაიზარდა ცნობადობა კვების პროდუქტების ტექნოლოგიების, როგორც სფეროს და კვების პროდუქტების ტექნოლოგის, როგორც პროფესიის მიმართ. 5 წლის წინ, როდესაც ამ ფაკულტეტზე ვაბარებდი უნივერსიტეტში, ბევრი ჩემი გარშემომყოფისთვის სრულიად გაუგებარი იყო, რა იგულისხმებოდა ამ პროფესიის ქვეშ და თუ რატომ მსურდა ამ ‘’უცხო’’ სფეროსთან დაკავშირება, სფეროსთან, რომელიც მოიაზრებს მოსახლეობის უმთავრესი მატერიალური პირობით - ხარისხიანი საკვებით უზრუნველყოფას.

nikorashidaa-1602833201.jpg

იმის გათვალისწინებით, რომ კვების პროდუქტების ტექნოლოგია არც დღესაა მოწინავე ადგილზე პოპულარულ პროფესიებს შორის, მაინც ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული და ბევრს სურს უმაღლესი განათლების მიღება ამ კუთხით, ბაკალავრის დასრულების შემდგომ ბევრი აგრძელებს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაზე სწავლასაც. ამ სტუდენტების ნაწილი შემდგომ სურსათის წარმოების, ნაწილი კი სურსათის უვნებლობის კუთხით აგრძელებს საქმიანობას.

რას გვეტყვით სასწავლო პროცესზე, რა პრობლემები აქვთ სტუდენტებს და რა მიმართულებით სჭირდებათ დახმარება?

საქართველოში სულ 3-4 უნივერსიტეტია, სადაც კვების პროდუქტების ტექნოლოგიების ფაკულტეტი ფუნქციონირებს. ეს გასაკვირიც არაა, რადგან ამ პროფესიის ხარისხიანად შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სასწავლებელი იძლევა საშუალებას სტუდენტს მიაწოდოს თეორიულ ცოდნაზე დაფუძნებული პრაქტიკული განათლება, ამ უკანასკნელისთვის კი აუცილებელია უნივერსიტეტი აღჭურვილი იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების ლაბორატორიებით.

სტუდენტებისთვის, რომლებიც წარმატებით ითვისებენ აკადემიურ სივრცეში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, დაბრკოლებად შეიძლება იქცეს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე ბევრი საწარმო ან სხვა დაწესებულებაა, რომლებიც კვების პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ყურადღებას გამოიჩენენ და მათთვის პრაქტიკული განათლების მიღებაში დასახმარებლად მზადყოფნას გამოაცხადებენ. ეს ხომ ერთგვარი წარმატებული ინვესტიციაა...

სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერაც. ეს სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს გამოხატული. მაგალითად, შემიძლია აღვნიშნო „ნიკორას“ ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც უკვე რამდენიმე წელია, აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტები ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ. 2 წლის წინ, როდესაც მეც აღმოვჩნდი ამ სტუდენტებს შორის, ძალიან სასიამოვნო იყო იმის გაცნობიერება, რომ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, ასეთ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩვენ მიმართ. ეს სტიპენდია, სხვა სიკეთეებთან ერთად, იყო და არის პირველ რიგში უდიდესი მოტივაცია სტუდენტებისათვის. მიხარია, რომ ეს ძალიან კარგი საქმე წლების შემდეგ და ასეთ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში კვლავ გრძელდება.

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ პირდაპირ საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოში დასაქმდით. ეს რამდენად წარმოგედგინათ, როდესაც კვების ტექნოლოგიებზე სწავლა გადაწყვიტეთ?

სამწუხარო რეალობაა, თუმცა ფაქტია, რომ დღეს საქართველოში ჩვენი პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა არც თუ ისე დიდია. ხშირად კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანონ სპეციალისტები და ისინი დაასაქმონ. გამომდინარე აქედან, ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობისას, ‘’ნიკორამ’’ ჩემი კანდიდატურა განიხილა და თავიანთ დიდ გუნდში ჩემი დასაქმება გადაწყვიტა, ძალიან სასიხარულო მოულოდნელობა იყო.

როგორია თქვენი გეგმები საწარმოში, სადაც მუშაობთ და ზოგადად, რა არის თქვენი პროფესიული მიზანი?

უკვე წელიწადზე მეტია, რაც ‘’ნიკორას’’ გუნდს შევუერთდი და აქ ჩემს უცვლელ მიზნად რჩება ის, რომ ცოდნა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე მივიღე, რასაც ამჟამად მაგისტრატურაზე სწავლით ვიძენ და ამას დამატებული ის უნარ-ჩვევები, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვივითარებ, მაქსიმალურად გამოვიყენო ისევ აქ, ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, იმ გუნდის სასიკეთოდ, რომელთა გარემოცვაში მიწევს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება და კომპანიისთვის, რომელიც დამეხმარა და მეხმარება პროფესიული საქმიანობის პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში.