პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2021-2024 წლებისათვის საშუალო ზრდა 5.3%-ს გაუტოლდება.
უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის საბიუჯეტო პროგნოზი მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით აღემატება. შეგახსენებთ, რომ მთავრობის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელს 5%-ით გაიზრდება.
საბიუჯეტო ოფისის აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებას, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელების ე.წ. „მეორე ტალღა" მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე გადაივლის 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ხოლო 2021 წლის პირველი კვარტლიდან საქართველოს ეკონომიკა, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით სწრაფად დაიწყებს აღდგენას. დაშვებისას ასევე მხედველობაშია მიღებული როგორც ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობა, ასევე - საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებები და პროგნოზი. კერძოდ: 2021 წლის დადებით პროგნოზს განაპირობებს ის ფაქტორი, რომ Covid-19-ის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ფონზე (საგანგებო მდგომარეობა და სხვადასხვა სახის შეზღუდვები) მოიშალა ე.წ. „გლობალური ღირებულებათა ჯაჭვი", თუმცა 2021 წლისათვის მოსალოდნელია, რომ მოხდება ეკონომიკური აქტორების პანდემიასთან უკეთ ადაპტირება და აღნიშნული ე.წ. „ღირებულებათა ჯაჭვის" როგორც ქვეყნების შიგნით, ისე მსოფლიო მასშტაბით აღდგენა.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე