საქართველოში 273 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

16 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 2100 ტონა ყურძენია გადამუშავებული. ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

“ამ ეტაპზე, კახეთში 270 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რთველი კახეთში დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდა. სუბსიდიას იღებს ღვინის კომპანია, რომელმაც შეისყიდა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 0,80 ლარი. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი. 1000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული ქართლში, იმერეთსა და ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.